ჯანდაცვა
სინოფარმით აცრის სურვილი სამცხე-ჯავახეთში 65-მა პირმა გამოთქვა
სინოფარმის ვაქცინით აცრა რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებელი. სპეციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნული ვაქცინით აცრის მსურველი (28 აპრილის 21:00 სთ მონაცემით) სამცხე-ჯავახეთში 65 პირია. ვაქცინაცია შესაძლებელია რეგიონის ხუთ - ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის საავადმყოფოებშია შესაძლებელი. სამცხე-ჯავახეთში ამ დროისთვის ვაქცინაზე რეგისტრირებულია 65 მსურველი. კერძოდ:

ახალციხე– 24,
ბორჯომი– 35,
ასპინძა– 6,
ადიგენი–0
ახალქალაქი-0.

ასტრაზენეკით აცრის მსურვლი ახალციხეში კლინიკა ევექსში დარეგისტრირებული კიდევ 11 პირია, რომლებიც ვაქცინაციის მიღებას 4 ან 11 მაისს შეძლებენ. რადგან, ვაქცინაცია კვირაში მხოლოდ ორ დღეს არის შესაძლებელი.

ვაქცინაციის მისაღებად დარეგისტრირდნენ, როგორც მედპერსონალი ისე მოქალაქეები. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტლის მომარაგება ვაქცინის დოზით მსურველთა რეგისტრაციიდან გამომდინარე მოხდება.

ვაქცინაციის პროცესი თავდაპირველად კლინიკა „იმედში“ მიმდინარეობდა თუმცა ახალგაზრდა მედიკოსის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკა პროცესს 9 აპრილს გამოეთიშა.

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 14 მარტს შემოიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია 15 მარტს, კლინიკა "იმედში" დაიწყო, თუმცა 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, პროცესი შეწყდა.

ახალციხის კლინიკა "იმედიდან" ვაქცინა რვა აპრილს გაიტანეს, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გამოეთიშა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ მის ნაცვლად ვაქცინაცია რეფერალურ ჰოსპიტალში განხორციელდებოდა. ვაქცინა 12 აპრილს გაიტანეს ახალქალაქიდანაც. ჯავახეთში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ერთი ამპულა.
| Print |