ჯანდაცვა
ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, უფრო ტოქსიკურია - ლევან რატიანი
"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის" დირექტორმა ლევან რატიანმა კორონავირუსის ინდური შტამის თავისებურებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ შტამის ვირუსი უფრო ტოქსიკურია და ადამიანის ორგანიზმში შეჭრისას ბევრად სწრაფად შეუძლია სამიზნე ორგანოს დაზიანება.

,,კორონავირუსები ოდითგანვე იყო ცნობილი, 1960 წლიდან არის ამ ვირუსების ოჯახის შესახებ ინფორმაცია. მინდა გითხრათ, რომ სხვა ვირუსების ოჯახისგან განსხვავებით, ამ ვირუსებს ახასიათებთ ერთი რამ - ისინი უფრო სწრაფად მუტირებენ. ამიტომაცაა, რომ ერთ ოჯახში 40 სახეობაა და ის სახეს იცვლის.

ინდოეთში არსებული შტამის შესახებ ამბობენ, რომ უფრო ტოქსიკურია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჭრის შემთხვევაში მას უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში მოცირკულირე ახალმა კორონავირუსმა. იმედია, რომ აქამდე ვერ ჩამოაღწევს, ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ"
- განაცხადა ლევან რატიანმა. 

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა მომართვიანობამ, მაგრამ კლინიკას პაციენტების მისაღებად რესურსი არ ჰყოფნის. ლევან რატიანმა ,,რუსთავი2"-თან განაცხადა, რომ ერთი თვის წინ კლინიკის საწოლფონდის მხოლოდ 30% იყო დაკავებული, ახლა კი თავისუფალი ადგილი აღარ აქვთ.

,,ჩვენდა სამწუხაროდ, დღესაც ეს სიტუაციაა. თქვენ იცით, რომ კლინიკაში საწოლფონდი იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც შესაძლებელია მოვემსახუროთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.

ამ წუთისათვის, კლინიკაში არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის. მართალია, ეს არის პერმანენტული პროცესი და დგება მომენტები, როდესაც გამოჯანმრთელებული პაციენტები ეწერებიან და მის ადგილზე ვიღებთ ახალ პაციენტებს. მაგრამ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ჩვენს კლინიკაში მომართვიანობამ ამ ეტაპზე, არცერთი პაციენტის თავისუფალი საწოლი კლინიკას არ გააჩნია.

ჩვენ გვაქვს 40 საწოლი მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებისათვის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, ორმოცივე დაკავებულია"
- განაცხადა ლევან რატიანმა. 
| Print |