ჯანდაცვა
ახალციხეში სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა
ახალციხეში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. კლინიკა „იმედის“ თანამშრომელს COVID-19 გეგმური ტესტირებისას დაუდასტურდა. კლინიკური მენეჯერის მზია კაკოშვილის თქმით, მათი თანამშრომელი თავს კარგად გრძნობს.

„რეინფიცირების ერთი შემთხვევა გვაქვს, სამედიცინო პერსონალია, რომელმაც ოქტომბერში გადაიტანა და ახლა გეგმურ კვლევაზე დაუდგინდა. უსიმპტომოა და თავს კარგად გრძნობს. როცა კოვიდკლინიკაში პაციენტი შემოდის, მის წინა კვლევებთან შეხება არ გვაქვს. ეგეთი შემთხვევა არ გვქონია, რომ ვინმეს ეთქვას მქონდა და მეორედ შემხვდაო“.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ გვითხრა, რომ მათთან რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. COVID-19 განმეორებით არც სამედიცინო პერსონალს და არც პაციენტს დადასტურებია.

სამცხე-ჯავახეთში რამდენ ადამიანს დაუფიქსირდა კორონავირუსი განმეორებით - ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ფატი ხაბულიანმა გვითხრა, რომ მსგავსი მონაცემი არ აქვთ.

„არ გვაქვს, რადგან ზოგიერთი მათგანი თავის დროზე არ არის გატესტილი, ზოგი ბაზაში არ იძებნება და ა.შ. ამ ფაქტს გადამოწმება უნდა ზედა დონის ლაბორატორიაში და ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ რეინფიცირების შემთხვევაა“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ზედგინიძე ამბობს, რომ რეინფიცირების შემთხვევების სტატისტიკა არც მათთან არ წარმოებს.
| Print |