ჯანდაცვა
გერმანიაში ტურისტულად შესვლა სინოფარმითა და სინოვაკით აცრილებს არ შეეძლებათ
გერმანიაში შესვლა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურსი Pfizer-BioTech-ით, AstraZeneca-თი, Moderna-ს ან Janssen (J&J) -ის ვაქცინებით აქვთ ჩატარებული.

ჩინური წარმოების ვაქცინებით აცრილთათვის გერმანია ამ ეტაპზე საზღვარს არ ხსნის, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ვაქცინაციის ბოლო დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს 14 დღე. კოვიდვაქცინირებულს ნებისმიერი მიზნით შეუძლია გერმანიაში შესვლა, გარდა ე.წ. მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან შემოსული პირებისა. PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის, აეროპორტში PCR/სწრაფი ტესტის ჩატარება არ ხორციელდება. იზოლაცია/კარანტინი სავალდებულო არ არის", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

აქამდე საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვთ ჩატარებული, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლოთ გერმანიაში შესვლა.

გასათვალისწინებელია, პირები, რომლებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ რისკის შემცველ, დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის einreiseanmeldung.de მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა. შ.
| Print |