ჯანდაცვა
19 ივლისიდან არასრულწლოვანთა ვაქცინაცია დაიწყება
საქართველოს ხელისუფლება 16 წლიდან მოზარდების ვაქცინაციას მომავალი კვირიდან იწყებს. მსოფლიოში, ქვეყნების ნაწილმა არასრულწლოვანთა იმუნიზაციის პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა 12 წლიდან ბავშვების ასაცრელად, მხოლოდ და მხოლოდ, „ფაიზერი“ გამოიყენება.

საქართველომ „ფაიზერთან“ ერთ მილიონ ვაქცინაზე უკვე გააფორმა ხელშეკრულება. მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ხელშეკრულების დეტალები კონფიდენციალურია და ვერ გაამხელენ.

,,16 წლიდან დავიწყებთ ჩვენც ვაქცინაციას ფაიზერით. უკვე მომავალ კვირაში მინისტრის ბრძანება იქნება ამასთან დაკავშირებით. ბრიტანეთში უკვე 12-დან 15 წლამდე ცრიან, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში და რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ძირითადად FDA-ს რეგულაციები მუშაობს. უფრო ადრეულ ასაკაში ჯერ-ჯერობით არსად დაწყებულა ვაქცინაცია და იგივე 12-15 წელზეც, უმრავლეს ქვეყნებში ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველოში 14 ივლისს ფაიზერის 28 000 დოზა ჩამოვიდა. რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყო, თუმცა პორტალი ისევ გაითიშა. მოქალაქეები ჯავშნის გაკეთებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. შეფერხების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ბოდიში მოიხადა.
| Print |