ჯანდაცვა
ადიგენში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ქალი გარდაიცვალა
თბილისში, ყირიმ-კონგოს ცხელებით შუა ხნის ქალი გარდაიცვალა. 49 წლის ქალი ინფექციურ საავადმყოფოში 21 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში ახალციხიდან გადაიყვანეს. პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

თბილისში გადაყვანამდე ქალი ახალციხის რეფერალურ სავადმყოფოში შეიყვანეს. კლინიკის მენეჯერის რევაზ კუჭუხიძის განმარტებით, ,,პაციენტი საშუალო სიმძიმის იყო"

2021 წელს, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ინფიცირების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა შორის ორი გარდაიცვალა, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას - 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი - 13-14 დღე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყირიმ-კონგოს სიმპტომები შემდეგნაირია: ადამიანებში დაავადების სიმპტომების დაწყება ხდება მოულოდნელად შეცივნებით, სხეულის ტემპერატურის 39-40°С–მდე აწევით, კუნთების და თავის ტკივილით, ტკივილით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, დიარეით. ვითარდება სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუებიდან (ცხვირი, ღრძილები, საშვილოსნო, კუჭ ნაწლავის ტრაქტი). დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. ზოგადად სიკვდილიანობა 30-40 %-ია. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან.

ამავე თემაზე შეგიძლიათ ნახოთ:

რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება?
| Print |