ჯანდაცვა
კრიტიკულ ფაზაში ვიმყოფებით, ეკონომიკის სამინისტრომ სასტუმროების მობილიზება დაიწყო - ეკატერინე ტიკარაძე
პაატა იმნაძის შემდეგ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოს ჯანდაცვის მინისტრი მოადგილესთან ერთად ეწვია. ეკატერინე ტიკარაძე ახალციხეში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს დააკვირდა და აღნიშნა, რომ ქვეყანა კრიტიკულ ფაზაში შევიდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ გეგმიური ოპერაციების გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

,,კრიტიკულ ფაზაში ვიმყოფებით, ამიტომ მნიშვნელოვანია თვითორგანიზებით და სოციალური პასუხისმგებლობით მოსახლეობამ გაითვალისწინოს შექმნილი ვითარება“.

ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესი ხარვეზებით არ მიმდინარეობს. მიაჩნია, რომ საწოლფონდის ყველა რესურსი უნდა გადაერთოს კოვიდის მართვაზე.

,,ყველა დაწესებულება მზად არის სწორად მართონ პროცესი. შარშანაც, როცა შევდიოდით პიკში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სასტუმროებმა, რომლის მობილიზებაც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უკვე მიმდინარეობს. რაც მეტი იქნება ვაქცინაციის მიმართ ნდობა, მით მალე შევძლებთ ვითარების დარეგულირებას" - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღეს, ახალციხის რეფერალურ კლინიკაში რეგისტრირებული 72 მოქალაქე აიცრა. კლინიკური მენეჯერი ჯერ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის და შემდეგ უკვე ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტებს, ახალციხეში მომხდარი ტრაგედიით ხსნის. ბესიკ ბურჯალიანის  თქმით, ახალციხეში, ფაიზერის შემოსვლის შემდეგ, კლინიკაში აცრის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

საქართველოში 27 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 418 398 მოქალაქეა აცრილი. დღეს საქართველოში კორონვირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

| Print |