ჯანდაცვა
რა შეზღუდვები დაწესდება 9 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება იმსჯელებს გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას, არამედ მარტივ რეგულაციებზე, როგორიცაა პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა ან, ასეთის შემთხვევაში, PCR ტესტების ვალდებულება.

„შევდივართ რა აქტიურ საარჩევნო ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ არჩევნები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ვაქცინაციის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ისიც რომ თვითმმართველობის არჩევნები სურს იყოს Covid free ანუ კოვიდისაგან თავისუფალი. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აპირებს ცესკოს შესთავაზოს კომისიის წევრებისა და კანდიდატების ვაქცინაცია, ასევე ყველა იმ პირის, ვინც ჩართულია არჩევნებში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ხვალ ვიმსჯელებთ დამატებითი რეგულაციების შემოტანაზე. გამოვედი ინიციატივით, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში აცრებს ჩავუტარებთ კომისიის ყველა წევრს. ასევე, კანდიდატებს გვსურს, რომ შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას, ვინც ჩართულია არჩევნებში“.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

დადებითობის დღიური 11,96%-იანი მაჩვენებლით, საქართველოში რთული ეპიდსიტუაციაა. კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა 6000-ს.

15 მარტიდან გაკეთებულია 626 343​ აცრა.

| Print |