ჯანდაცვა
ადგილების არქონის გამო, კლინიკაში ვერ გადამიყვანეს - სამცხე-ჯავახეთში თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამოიწურა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებისთანავე, სამცხე-ჯავახეთის კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამოიწურა. პაციენტები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ ადგილების არარსებობის გამო, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში ვერ გადაიყვანა. ერთ-ერთია 63 წლის პავლე თელიევი, რომელიც ვირუსს სახლში, მარტო ებრძვის.

"გუშინ იყო სასწრაფო მოსული, სახლში არც შემოსულან, 10 მეტრიდან მელაპარაკნენ. გადარეკეს-გადმორეკეს და ადგილი არ არისო, არ წამიყვანეს. ტელეფონზე დამირეკეს, რეკომენდაციები მომცეს. სიცხე ხან აიწევს ხან დაიწევს. სახლში არავინ არის". 

რეგიონის ოთხ კლინიკაში მობილიზებული 172 საწოლიდან, თითქმის ყველა დაკავებულია. 

ახალციხის კლინიკა „იმედში“ ამბობენ, რომ კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილი ყველა ადგილი კარგა ხანია შეივსო. კლინიკური მენეჯერის მზია კაკოშვილის თქმით, ახალი პაციენტის მიღებას ვეღარ ახერხებენ. 

"60 საწოლი გვაქვს, 60-ვე დაკავებულია. პაციენტების 80% მძიმეა. დამატებით ვეღარ დავამატებთ, რანაირად? ნორმატივებს ხომ არ დავარღვევთ?"

პაციენტებს ვეღარ იღებს ბორჯომის სამედიცინო ცენტრი. დირექტორის ირაკლი დიასამიძის თქმით, კლინიკაში მობილიზებული 52-ვე საწოლი დაკავებულია. 

"მომართვიანობა საკმაოდ დიდია, თვითდინებითაც მოდიან და სასწრაფოსაც მოჰყავთ. სრულად შევსებულია საწოლები, ამიტომ 112-ი ამისამართებს თავისუფალ კლინიკაში". 

ნინოწმინდის კლინიკაში მხოლოდ თერაპიულ, საშუალო სიმძიმის პაციენტებს მკურნალობენ. მთავარი მენეჯერის ნატო ირემაძის თქმით, 30 საწოლიდან 23 დაკავებულია. მძიმე პაციენტები კი კატასტროფის ჯგუფს დედაქალაქში გადაჰყავს.

"ჩვენ თერაპიული კოვიდი გვაქვს, რეანიმაციული - არა. ახლა 23 პაციენტი გვიწევს, მძიმე, საინტუბაციო პაციენტებს რეანომობილით ვაგზავნით თბილისში".


ადიგენის კლინიკაშიც შედარებით, მსუბუქი პაციენტები მკურნალობენ. აქ 30 საწოლია მობილიზებული.

გარდა ამისა, ბაკურიანში ორი კოვიდ სასტუმროა მოწყობილი, სადაც მსუბუქი პაციენტები არიან მოთავსებული. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 98 ადგილიდან უმეტესობა აქაც დაკავებულია. კოვიდსასტუმროებში მხოლოდ 15 საწოლია თავისუფალი. 

კლინიკებში ამბობენ, რომ საწოლფონდის გაზრდის საშუალება აღარ აქვთ. ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონში.

| Print |