ჯანდაცვა
ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალება არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენა.

„მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც მათი ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელი ვაქცინით იყვნენ აღნიშნული პირები აცრილი, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ „ეს არის პაციენტის პირადი ინფორმაცია“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულის გარდაცვალებაზე მოკვლევა მიმდინარეობს. 

„ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკლევა. ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს“, - აღნიშნავს იმნაძე.

23 აგვისტოს მონაცემებით,​ კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 354 ახალი შემთხვევა.
| Print |