ჯანდაცვა
დისტანციურ რეჟიმზე გადავდივართ ყველა სივრცეში და იგივე შეიძლება გამოიყენონ საარჩევნო სუბიექტებმა - თამარ გაბუნია
წინასაარჩევნო კამპანია უნდა ჩატარდეს წესების დაცვით - დისტანციურ რეჟიმზე გადავდივართ ყველა სივრცეში და იგივე შეიძლება გამოიყენონ საარჩევნო სუბიექტებმა, რათა რისკები შემცირდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები აქვს.

„არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ შარშან გამოსცა ძალიან დეტალური რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს წესებს, როგორ უნდა ჩატარდეს შეხვედრა, ვინ უნდა გაიტესტოს, ახლა უკვე ვაქცინაცია დაემატა. სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, საარჩევნო პროცესში როგორ მოხდება ამ რეკომენდაციების დაცვა.

მობილობის მატება არჩევნების პროცესში აღინიშნება და გასულ წელსაც გვქონდა გამოცდილება, თავად არჩევნების დღეს კი არა, ამასთან დაკავშირებული სხვა არაბუნებრივი მობილობა იყო, ქუჩის აქციები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო საზიანო აღმოჩნდა ეპიდემიის მიმდინარეობისთვის. ჩვენ ფოკუსირებული ვართ გეგმური არჩევნების ჩატარებაზე.

წინასაარჩევნო კამპანია უნდა ჩატარდეს წესების დაცვით. ესაა მინიმალური წესები - პირბადის გამოყენება, დისტანცირება შეხვედრების დროს, ასევე არსებობს ტექნოლოგიური გადაწყვეტები, დისტანციურ რეჟიმზე გადავდივართ ყველა სივრცეში და იგივე შეიძლება გამოიყენონ საარჩევნო სუბიექტებმა, რათა ეს რისკები შემცირდეს”
,- განაცხადა გაბუნიამ.
| Print |