ჯანდაცვა
ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზით, ეპიდსიტუაცია დამშვიდდება - პრემიერი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ექიმებისა და მეცნიერების პროგნოზით, ეპიდვითარება ოქტომბრიდან უნდა დასტაბილურდეს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ სიტუაციაში პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი, იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ბოლო დღეების განმავლობაში, შედარებით, თითქოს, დასტაბილურდა სიტუაცია და დამშვიდებისკენ მიდის პროცესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეშვათ და მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. მობილიზებულად მუშაობს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გმირულად ემსახურება. ჩვენ ადრეც ვთქვით და მინდა გავიმეორო, რომ არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ყველას მაქსიმალურად ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ. ამას გარდა, უნდა გავიმეორო, რომ ამ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარი გამოსავალი არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს მალე ავცრით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე ორი მილიონი მოქალაქე უნდა იყოს აცრილი. მათგან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი ორჯერადად აცრილი. ალბათ, მილიონს გადატანილი ექნება კორონავირუსი და აქვს კიდეც. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენი ექიმები და მეცნიერები ამბობენ, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. მათი პროგნოზია ეს. რამდენიმე კვირა დაგვრჩა, რომ ყველამ ერთად გადავიტანოთ ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია, თუმცა იქამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
| Print |