ჯანდაცვა
უნდა დაიწყოს იმ ბავშვების ვაქცინაცია ვინც რისკჯგუფშია ან ვისაც ოჯახის წევრი ჰყავს რისკჯგუფში - მაია ჩხაიძე
მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოშ ბავშვთა კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინაცია ეტაპობრივად უნდა დაიწყოს.

,,ბავშვები, რომლებიც ჩვენთან ხვდებიან არიან რისკჯგუფის ბავშვები და მათთან კორონავირუსი უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, რომ დაგვეწყო რისკჯგუფის ბავშვების აცრა, ან ბავშვების, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავთ რისკჯგუფი, კარგი იქნებოდა.

იმედი მაქვს, რომ საბჭო იმსჯელებს ამ გადაწყვეტილებაზე. ჩინეთში და კუბაში 6 თვის ასაკიდან დაიწყეს ბავშვების ვაქცინაცია,"
- აცხადებს მაია ჩხაიძე.

მაია ჩხაიძეს ეთანხმება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი. ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვების 90%-ის ინფიცირების წყარო ძირითადად მშობლები და ოჯახის სხვა წევრები არიან.

როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, მისთვის გაუგებარია, რატომ იკავებენ ის ადამიანები აცრისგან თავს, რომელთაც სახლში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. მისი განმარტებით, ბავშვების დაცვის ერთადერთი გზა ოჯახის წევრების იმუნიზაციაა.

,,ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ 60% ავცრათ, ჩვენი მიზანია ქვეყანა გავათავისუფლოთ და მივცეთ შესაძლებლობა, იარსებოს და გააგრძელოს ცხოვრება. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილია ვაქცინირებული, ამის უკან დგას რისკი ბავშვების ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ვინაიდან, 90%-ზე მეტი ეს არის ზუსტად საყოფაცხოვრებო კონტაქტი, ამ ბავშვების ინფიცირების წყარო არის სახლი - დედა, მამა და ოჯახის უფროსი წევრები.

ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხია, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, არ გავიკეთებ ვაქცინას, მიუხედავად იმისა, რომ სახლში პატარა ბავშვი მყავს. ჩვენ არ გვაქვს ბავშვებში ვაქცინაცია, ჩვენ 16 წლის ზემოთ ვახორციელებთ ამ ინტერვენციას. დარჩა მხოლოდ ერთ დაცვის გზა, შენი შვილის სიყვარული და შენი შვილის ჯანმრთელობა შენს ხელშია, ვერ ამიხსნია, რა მოტივი უნდა ჰქონდეს მშობელს. ეს ხომ არ არის ერთი ადამიანის პირადი გადაწყვეტილება, თუ შენ არ გინდა ვაქცინაცია გაიკეთო, თუ შენ მარტო ცხოვრობ, კი ბატონო ნუ გაიკეთებ, მაგრამ რატომ აყენებ რისკის ქვეშ ბავშვს, შვილს და შვილიშვილს,"
- აცხადებს ივანე ჩხაიძე.
| Print |