ჯანდაცვა
განსაკუთრებით პრობლემურია, რომ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია - გაბუნია
დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ თუ ადამიანი ვაქცინირებულია, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მცირდება ჰოსპიტალიზაცის საჭიროება და პრაქტიკულად არ არის გარდაცვალების შემთხვევები.

„ყოველდღიურად დამატებითი კვლევები, რომელიც ვრცელდება, კიდევ უფრო მეტად აძლიერებს იმ სარგებელს, რაც ვაქცინებს უკავშირდება, როგორც ჰოსპიტალიზაციის შემცირების, ასევე სიკვდილიანობის შემცირების კუთხით, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფში. თუნდაც ქალაქებში ვაქცინაციის განაწილებას რომ შევხედოთ, ნახავთ, რომ თბილისში საკმაოდ კარგია ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი სხვა რეგიონებთან შედარებით.

თბილისში დღეს მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, ინფიცირების შემთხვევები შედარებით დაბალია სხვა რეგიონებთან მიმართებით, სამაგიეროდ, გაიზარდა იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი არის დაბალი. იგივე შემიძლია ვთქვა ასაკობრივ ჯგუფებზეც, 60 წლის ზემოთ, სადაც არის ვაქცინირებული პირი, მცირდება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და პრაქტიკულად არ არის გარდაცვალების შემთხვევები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ვაქცინაცია რეალურად იცავს მძიმე ფორმებისგან, ვირუსის გადაცემისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. მეტი არგუმენტი რა უნდა გვჭირდებოდეს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ“,
- განაცხადა გაბუნიამ.
| Print |