ჯანდაცვა
ხელსაყრელი იყო გამოგვეცხადებინა მკაცრი შეზღუდვები, რაც გარკვეულ შედეგს მოიტანდა - ცერცვაძე
სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ალბათ ხელსაყრელი იყო, რომ გამოგვეცხადებინა მკაცრი შეზღუდვები, რაც გარკვეულ შედეგს მოიტანდა, მაგრამ მოიტანდა უკუშედეგსაც, - ძლივს აღორძინებული ეკონომიკის და გაშლილი ბიზნესის ხელახლა ჩაკეტვას, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ ხელახლა არ ამოქმედებულიყო მკაცრი შეზღუდვები, მთელი დარტყმა თავის თავზე კლინიკურმა სექტორმა აიღო.

„კრიტიკული მაჩვენებელი იქნება ის, როდესაც კლინიკური სექტორი იმდენად გადაიტვირთება, რომ ვერ შევძლებთ ყველა ახლად დაინფიცირებული ავადმყოფის დაბინავებას და მათ სრულფასოვან მოვლას, - აქამდე ჯერ კიდევ არის გზა. დღეს ჰოსპიტალიზებულია 5 ათასამდე პაციენტი. შეზღუდვები არის მინიმალური, შეიძლება ითქვას თითქმის არ არის და მთელ დარტყმას ვიღებთ კლინიკური სექტორი. თუმცა, აუცილებელია ვაქცინაცია, არ შეიძლება ზურგში დანის ჩარტყმა. ის ანტივაქსერებიც უნდა მოეგონ გონს, ესაა საკუთარი ჯანმრთელობის და ქვეყნის საბოტაჟი და რისკის ქვეშ დაყენება. ყველა წუხს, რომ ამდენი სიკვდილობაა, გავწყდით ქართველები, თუ ცოცხალი არ დავრჩით, რაღად გვინდა ეკონომიკა და ამ დროს თითს არ ანძრევს იმისთვის, რომ ეს სიკვდილობა და ახალი შემთხვევები შეამციროს
“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს კონტროლი სამედიცინო პირბადის ტარებაზე.

„პირბადეების ტარება თბილისში შედარებით გამოსწორდა, მაგრამ რეგიონებში ისევ არა. ამიტომ, ვთხოვ, ისევ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გააძლიეროს კონტროლი არსებული რეგულაციების აღსრულებაზე“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
| Print |