ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკებს მხოლოდ 13 პაციენტის მიღება შეუძლიათ
სამცხე–ჯავახეთის კოვიდკლინიკებს ერთდროულად 171 პაციენტის მიღება და მკურნალობა შეუძლიათ. ამდროისათვის ოთხ კოვიდკლინიკაში 158 ადგილი დაკავებულია, მათგან თითქმის ნახევარი მძიმე პაციენტია.

არსებული კლინიკებიდან პაციენტების მიღება მხოლოდ „ბორჯომის სამედიცინო“ ცენტრს, სადაც სულ 51 ადგილი აქვთ, მხოლოდ 13 საწოლია თავისუფალი. მართვითი სუნთქვის აპარატზე 10 პაციენტი იმყოფება.

ახალციხის კლინიკა „იმედში“ კორონავირუსზე 60-ივე ადგილი დაკავებულია. კლინიკაში უმეტესი პაციენტების მდგომარეობა მძიმეა.

„სრულად შევსებულები ვართ, 60 პაციენტი მკურნალობს, დავუბრუნდით იმ მდგომარეობას, როდესაც დასახმარებლად გთხოვენ და ადგილი აღარ გაქვს. უმრავლესობა მძიმე პაციენტი გვყავს“, - ამბობს კლინიკა „იმედის“ მენეჯერი გიორგი ბარძიმაძე.

„ადიგენის რეფერალურ ჰოსპიტალში“ სადაც 30 ადგილია და ნინოწმინდის ასევე 30 ადგილიან კლინიკაში, ყველა საწოლი დაკავებულია. 

„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმის კოვიდინფიცირებულ პაციენტებს იღებდა, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს კლინიკა 3 ოქტომბრის შემდეგ აღარ იღებს.

19 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5739  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 119 სამცხე–ჯავახეთში.

| Print |