ჯანდაცვა
ამირან გამყრელიძე ვაქცინის უსაფრთხოებაში ნინოწმინდის მოსახლეობას არწმუნებს - NCDC-ს ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში
ამირან გამყრელიძე ორდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში იმყოფება.

სოფელ განძის ამბულატორიაში ადგილობრივებთან ერთად, სამედიცინო პერსონალი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სკოლის მასწავლებლები სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინით იცრებიან.

“ჩვენი ვიზიტის მიზანია მარათონის ფარგლებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მეტი კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან,სოფლის ექიმებთან,რწმუნებულებთან,რადგან მათ სერიოზული როლი უნდა ითამაშონ აცრის მოწოდებისკენ. ნინოწმინდაში ვაქცინირებულია 15%, უნდა მივაღწიოთ 60%-ს” - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინოწმინდის სოფელ განძაში.

"ერთი თვეა სრულად ვაქცინირებული ვარ "ფაიზერით", მე მასწავლებელი ვარ, აქ ვმუშაობ სკოლაში. განძას სკოლის თანამშრომლების 50% ვაქცინირებულია, სოფელში კიდევ 20%-მდე პირი" - ამბობს აღასინ ბადიშიანი, სოფელ განძას მკვიდრი.

"მე და ჩემი ცოლი ვაპირებთ აცრას, რისი უნდა გვეშინოდეს? ხალხს ეშინია იმიტომ, რომ ინტერნეტში კარგიც წერია და ცუდიც. ამიტომ შიში არსებობს, მაგრამ უმეტესობა აიცრება, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ. ყველაფერი კარგად არის, ყველა თანასოფლელს მოვუწოდებ ვაქცინისკენ. ყველაფერი გააკეთონ თავისთვის და სხვებისთვისაც, რომ კორონავირუსი ადვილად გადავიტანოთ და სხვა არ დავაინფიციროთ" - ასე მოუწოდა ვაქცინაციისკენ განძას რწმუნებულმა.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობის შიშებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვაქცინას რაიმე სახის განსაკუთრებული უკუჩვენება არ აქვს.

„ჩემმა კოლეგამ იცის, თუ ალერგიული რეაქცია აქვს ადამიანს, მაშინ საჭიროა დამატებითი კონსულტაცია. ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს ორ მილიონამდე აცრა, აქედან გართულება მოყვა მხოლოდ 100-დან 120-მდე შემთხვევას, რა დროსაც მოქალაქეს დასჭირდა რამდენიმე დღე სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა.“ რაც შეეხება იმ საკითხს, გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო - ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობენ, თუმცა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს. გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ირიბი სავალდებულო მექანიზმები გამოიყენონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი დღესვე ახალქალაქს და ასპინძას ეწვევა, 29 ოქტომბერს კი დაგეგმილია მისი ვიზიტი ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში.

| Print |