ჯანდაცვა
ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება - მეან-გინეკოლოგი
ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, მეან-გინეკოლოგმა ორსულებში ინფიცირების მომატებულ მაჩვენებელზე ისაუბრა. როგორც პაატა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ორსულების ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მცირედი კლება ინფიცირების, იმედის მიზეზს არ გვაძლევს. დიდხანს გავჩერდით იმ რაოდენობაზე ინფიცირებულებისა, რაც ცდება 4 000. მინდა აღვნიშნო, რომ ლეტალობა საკმაოდ დიდია საქართველოში იმ ფონზე, რა რაოდენობის მოსახლეობაც ცხოვრობს. ძალიან დაბალია ვაქცინაციის ტემპი, მიუხედავად ყველა იმ ღონისძიებების, რაც ტარდება სახელმწიფოს მიერ. 

ორსულებში გვაქვს დიდი პრობლემა, აზრთა სხვადასხვაობა, ყველა ექიმმა, მედმუშაკმა უნდა მიაწოდოს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩვენ 17 თუ 18 გარდაცვლილი ორსული გვყავს, რაც ძალიან დიდია, ასეთი მაჩვენებელი გვქონდა „ღორის გრიპის“ დროს, თუმცა სწორად მიმართულმა ვაქცინაციამ და მედიკამენტებმა ეს პრობლემა გადაჭრა. ვაქცინაცია არის აუცილებელი გარდაუვალი და ერთადერთი საშუალება გადარჩენის“,
- აცხადებს პაატა ჟორჟოლიანი.

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ორსულობის მეორე ნახევარში გართულებების ტემპი და სიმძიმე უფრო მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში.

„ორსულებში ინფიცირების რიცხვი საკმაოდ მომატებულია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იმყოფება ორსული. გართულებების ტემპი და, ასევე, სიმძიმე მესამე ტრიმესტრში ანუ ორსულობის მეორე ნახევარში გაცილებით უფრო მეტია ვიდრე პირველ მეორე ტრიმესტრში. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტი ყურადღება გვჭირდება. მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ მომავალი თაობაც.

ინფიცირების დროს იზრდება დედის სომატური პრობლემა, ნაყოფის ზრდას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. კვლევების თანახმად ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება.

დამძიმების, სუნთქვითი უკმარისობის და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, განსაკუთრებით ადრეული ვადის ორსულების პერიოდში უმჯობესია ინფიცირებული ორსული მოთავსდეს სტაციონარში“
, - აღნიშნავს ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი.
| Print |