ჯანდაცვა
მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და საკაცით გაიყვანეს - მესამე პრეზიდენტის ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ის გლდანის #18 სამედიცინო დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ადვოკატი ჰყვება, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ „მოსხლეტით დაეცა“.

"მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ, მოსხლეტით წაიქცა, შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე, თვალები ჰქონდა...გადააწვინეს საკაცეზე.იყო ძალიან მძიმედ, როდესაც ჩვენ გვხვდებოდა...10 წუთია რაც აიყვანეს, შეიძლება ცოტა მეტი, ან ცოტა ნაკლები...ხელით გავუხსენით თვალები", - ამბობს ბასილაია. 

გუშინ, 17 ნოემბერს, სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს.

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. ექსპერტებმა შეისწავლეს დაწესებულება, მისი აღჭურვილობა და პეროსნალსაც გაესაუბრნენ.

"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დასკვნაში.

| Print |