ჯანდაცვა
ძალიან სწორია, ვაქცინირებულ ადამიანებს 200 ლარიანი წახალისება რომ აქვთ - ბესიკ ამირანაშვილი
ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში კამპანიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვის სურვილი განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულმა მოსახლეობამ გამოთქვა. მხარის გუბერნატორის აზრით, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი 200 ლარიან წახალისებას მიუძღვის.

"სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო დღეს ჩემდა გასაოცრად მოსახლეობამ მაღალი ინტერესი გამოხატა. ეს სწორად წარმართული კამპანიის შედეგია. ძალიან მნიშვნელოვანია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება 200 ლარიანი წახალისების პროგრამა. აუცილებელია მოსახლეობის აცრა, რადგან შევძლოთ ცხოვრების ნორმალურ პირობებში დაბრუნება." -აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.

ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით ჩართულიყვნენ და ადგილზე გაეკეთებინათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

"გავიგე, რომ დღეს ვაქცინაცია იქნებოდა, მოვედი და ავიცერი. ხალხი სულ სხვა რამეს ლაპარაკობს. ამბობენ, რომ ცუდად გახდები ან მოკვდები, მაგრამ მე გავრისკე და ავიცერი. თავს კარგად ვგრძნობ და ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდი მადლობა". -განაცხადა ადგილობრივმა კლარა ლაზარიანმა.

წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, ჯამში 95 ადამიანი აიცრა.

| Print |