ჯანდაცვა
ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
"შენი ქმედება წყვეტს“ - ამ სახელწოდებით ახალციხეში ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები ექიმ ნიკა კაჭარავასთვის დაესვათ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და კანტის აკადემიის დამფუძნებელი. მათ პანდემიასთან ბრძოლაში ახალგაზრდების როლზე და სხვადასხვა ცვლილებებში ახალი თაობის ჩართულობაზე ისაუბრეს.

საინფორმაციო კამპანიას კანტის აკადემია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს. ახალგაზრდებზე ორიენტირებული კამპანია სპეციალურად 18-29 წლის მოქალაქეებისთვის შემუშავდა. მისი მიზანია ვაქცინებზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გაქარწყლება, იმუნიზაციის გარშემო გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ვაქცინაციაში, რაც ხელს შეუწყობს პანდემიასთან ბრძოლას და კრიზისიდან გამოსვლას.

საქართველოში უკვე შესაძლებელია 12 წლიდან ზევით მოზარდების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით. ახალგაზრდების აცრის მაჩვენებელი 28%-ია.

| Print |