ჯანდაცვა
დარჩა თუ არა სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკებში თავისუფალი ადგილები?
სამცხე-ჯავახეთის ოთხ კოვიდკლინიკაში თავისუფალი ადგილების რაოდენობა ამოიწურა. პაციენტებს, რომლებსაც ექიმების მეთვალყურეობა სჭირდებათ, სხვადასხვა რეგიონში, იმ სამედიცინო დაწესებულებაში ამისამართებენ, სადაც თავისუფალი ადგილია. იმისთვის, რომ კლინიკაში მოხვდნენ, პაციენტებს რიგში დგომა უწევთ.

"სამი საათი კლინიკის ეზოში ველოდებოდით, რომ ადგილი ენახა სასწრაფოს, მერე ხაშურის კლინიკაში გამოჩნდა თავისუფალი ადგილი და იქ გადამიყვანეს. ჩვენთანაც იყო ადგილი, თუმცა მეორე დღეს მომიწევდა მოთავსება. ვინაიდან ძალიან მძიმედ ვიყავი ამიტომ გადამიყვანეს ხაშურის კლინიკაში."
- განაცხადა პაციენტმა მანანა კაველიძემ.

ახალციხის კლინიკა „იმედში“ 60-ვე საწოლი დაკავებულია. სამედიცინო დაწესებულებას საშუალო და მძიმე პაციენტები ჰყავს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რვა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული 52 კი - თერაპიულში.

"ჩვენს კლინიკაში ძირითადად საშუალო და მძიმე პაციენტები შემოდიან, რომლებიც სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებენ. ხდება, მათი მდგომარეობის შეფასება და მსუბუქი პაციენტები მკურნალობას გადიან ბინაზე. კლინიკა 90-95%-ით, ხანდახან 100% -ით სავსეა. პაციენტის გაწერის შემდეგ შემოდის ისევ ახალი. ადგილის არქონის შემთხვევაში,  ჯანდაცვის სისტემა მუშაობს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენთან ადგილი არ არის ვუკავშირდებით რეგიონის სხვა კოვიდკლინიკებს და ვათავსებთ თავისუფალი ადგილის მქონე კლინიკაში." - განმარტა ახალციხის კლინიკა "იმედის" დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ.

სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკებში სულ 180 საწოლია მობილიზებული, ამ ეტაპზე, ყველა დაკავებულია. პაციენტის გაწერისთანავე კლინიკა მის ადგილზე სხვა პირს ათავსებს.

"არსებობს ბაზა, რომელშიც ჩანს ღია საწოლფონდი, ყველა კლინიკის თავისუფალი ადგილები. ამ სისტემამ გააუმჯობესა პაციენტების მოთავსების პროცესი. თვითდინებით მოსულ პაციენტს ვაყოვნებთ ცხელების ზონაში, მოვიძიებთ თავისუფალ საწოლს რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით და ვახდენთ პაციენტის მოთავსებას." - აღნიშნა ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.

სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ იციან და ცდილობენ, დამატებითი საწოლფონდის მობილიზება მოახდინონ. გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი არ გამორიცხავს, რომ აბასთუმნის ფილტვის ცენტრი კოვიდმიმღებ კლინიკად გადაკეთდეს.


| Print |