ჯანდაცვა
მედიკამენტის ფასი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდება - თურნავა
"პრემიერის დავალებით, მედიკამენტის ფასი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას მაღალი ინფლაციის კონტექსტში საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე სენსიტიური არის მედიკამენტების დარგი. პრემიერის დავალებით, აქ მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ერთხელ და სამუდამოდ მედიკამენტების ფასწარმოქმნა დარეგულირდება ისე, რომ ჩვენს მოსახლეობას არ უწევდეს სამჯერ და ოთხჯერ მეტი ფასის გადახდა, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, იგივე დასახელების მედიკამენტზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სამ აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში წამლების ფასები ძალიან გაზრდილია და ამაზე მეტყველებს ყველა სტატისტიკა. „მე უკვე არაერთი საუბარი მქონდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ის შუალედური მონიტორინგის ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს მომავალში. არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც მიუღებელია. მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება“, - განაცხადა მან.

ამის შემდეგ ცნობილი გახდა კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიშიც, რომლის თანახმად, ფარმაკომპანიების მოგების შუალედური მარჟები მთლიანობაში მაღალი არაა.

თავის მხრივ, პრემიერმა უკვე დააანონსა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ცვლილებები იქნება, მათ შორის - საკანონმდებლო. კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე თვეში უნდა შესულიყო, მაგრამ ჯერჯერობით, ამ მხრივ ახალი არაფერია.
| Print |