ჯანდაცვა
„ომიკრონით" დაინფიცირების შემთხვევები 3 დღეში ორმაგდება - ჯანმო
კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები იმ ქვეყნებში, სადაც მისი გავრცელება ხდება, 1,5-დან 3 დღეში ორმაგდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

ჯანმო-ში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმასთან დაკავშირებით, ახასიათებს თუ არა „ომიკრონს“ უფრო მძიმე სიმპტომები.

„ომიკრონის“ კლინიკური სიმძიმის შესახებ ჯერ კიდევ შეზღუდული მონაცემები არსებობს. იმისათვის, რომ გავიგოთ სიმძიმის პროფილი და ის, თუ რა გავლენას ახდენს დაავადების სიმძიმეზე ვაქცინაცია და უკვე არსებული იმუნიტეტი, მეტი მონაცემებია საჭირო,“ - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

მათი განმარტებით, შემთხვევების ასე სწრაფად მატებასთან ერთად, შეიძლება ზოგიერთ ადგილში საავადმყოფოები გადაიტვირთოს.

„გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში კვლავ იზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და დაინფიცირების შემთხვევების სწრაფად მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ ჯანდაცვის ბევრი სისტემა სწრაფად გადაიტვირთოს,“ - აცხადებენ ჯანმო-ში.

შეგახსენებთ, 26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი „შემაშფოთებელ ვარიანტად“ გამოაცხადა.
| Print |