ჯანდაცვა
როგორ უნდა დავიბრუნოთ COVID-19-ისგან დაქვეითებული ყნოსვა?
COVID-19-ის სიმპტომებს შორის გამორჩეულ ადგილს ანოსმია, ანუ ყნოსვის დაკარგვა იკავებს და, უმეტესად, გემოს რეცეპტორების დაქვეითებასთან ერთად მიმდინარეობს.

მიჩნეულია, რომ ანოსმიის გამომწვევი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ბლოკავს ნესტოს ან/და აზიანებს ამ კონკრეტულ ნერვს, მაგალითად:

ცხვირის პოლიპები
გაციება
ანთებითი და ვირუსული დაავადებები (რომელიც მიმდინარეობს ცხვირ-ხახაში)
ალერგია
კონდინციონერის ან/და გამათბობლისგან გამომშრალი ჰაერი
თავის/ცხვირის ტრავმა
გარკვეული მედიკამენტები (მათ შორის, კონკრეტული ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო წამლები და ანტიდეპრესანტები)
დიაბეტი.

COVID-19-ის შემთხვევაში, სურნელის შეგრძნებაზე პასუხისმგებელი მოლეკულების კონტაქტი ირღვევა რეცეპტორებთან, შესაბამისად ყნოსვა ერთიანად იკარგება და დაბრუნების ვადები ინდივიდუალურია. გამომწვევი მიზეზი კი, შესაძლოა, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ანთებითი პროცესი ან ჭარბი გამონადენისგან შეზღუდული სუნთქვა იყოს.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყნოსვის დასაბრუნებლად?

1. უმკურნალეთ ანთებით პროცესს

თუ ცხვირის ღრუ დაბლოკილია, გრძნობთ ადგილობრივ ან გადაცემით ტკივილს შუბლისკენ, ცხვირიდან გამონადენი გაქვთ ან გიჭირთ სუნთქვა, მიმართეთ თერაპევტს, მიჰყევით შესაბამის მკურნალობას და გამოითავისუფლეთ წიაღები.

2. დაატენიანეთ ჰაერი

ეცადეთ, ოთახში შეინარჩუნოთ ნორმალური ტენიანობა. ხშირად გაანიავეთ სივრცე, სადაც იმყოფებით და მოერიდეთ კონდინცირებისგან გამომშრალი ჰაერის სუნთქვას.

3. გააკეთეთ ყნოსვითი ვარჯიშები

აირჩიეთ 4 ცნობილი, მძაფრი სურნელის მქონე ეთერზეთი, ნივთი ან პროდუქტი, რომელსაც დღეში მინიმუმ 2-ჯერ, გარკვეული დროის (20 წამის) მანძილზე დასუნავთ. ნუ ჩაისუნთქავთ ღრმად, პირიქით, ეცადეთ შედარებით სწრაფად დასუნოთ ნივთს და კონცენტრირდეთ. გაიხსენეთ მოვლენები, რომელიც ამ სურნელს უკავშირდება. სურნელის აღქმაში ჩართულია ჩვენი ნერვული სისტემა, ამიტომ გონების ვარჯიში ნერვული უჯრედის აღსადგენად ძალიან მნიშვნელოვანია.

დამახასიათებელი სურნელის მქონე პროდუქტები შეიძლება იყოს: ლიმონი, ვარდი, ევკალიპტის ეთერზეთი, ყავა, ვანილი, საყვარელი სუნამო, სურნელი რომელიც ყველაზე ნაკლებად გსიამოვნებდათ და სხვა.

გაითვალისწინეთ, ყნოსვითი ვარჯიშების გაკეთება, შესაძლოა, თვეების განმავლობაში დაგჭირდეთ, ან კიდევ უფრო საინტერესო ფენომენი — პაროსმია, იგივე ყნოსვის დამახინჯება, განვითარდეს, რა დროსაც უსიამოვნო სუნების შეგრძნება იმატებს და შესაძლოა გულისრევაც კი გამოიწვიოს. ყველაზე მთავარი სიმშვიდის შენარჩუნება და იმის გააზრება, რომ არცერთი ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა, არც ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ან დამახინჯება არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას და დროთა განმავლობაში აუცილებლად მოგვარდება.

| Print |