ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა.

„მოგეხსენებათ, რომ ეკა ტიკარაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, მე მინდა, პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები. დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს.

ზურაბ აზარაშვილი გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი მენეჯერი, ჩვენ თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში, მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი ზურა აზარაშვილი მაშინ იყო „დელტას“ ხელმძღვანელი, ასევე „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას.

ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში, მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მე მინდა ზურას ვუსურვო წარმატება, ის არის 5 შვილის მამა, მე ვფიქრობ, რომ ზურა იქნება წარმატებული მინისტრი. აქვე მინდა აღვნიშნო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამდენად დიდი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, იმიტომ, რომ მთელი სამინისტროს ბიუჯეტი არის, დაახლოებით 6 მილიარდი ლარი, ეს არის მთელი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა,“
- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
| Print |