ჯანდაცვა
ყველაზე გავრცელებული ჩივილები კოვიდ19 -ის გადატანის შემდეგ
კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდგომ გვგონია, რომ უარესი უკან დარჩა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს შეგვიძლია დავუბრუნდეთ, თუმცა ხშირად ასე არ არის. კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების ნაწილი, რომელთაც, საბედნიეროდ, ვირუსს თავი დააღწიეს, პოსტკოვიდურ ჩივილებს შორის, რამდენიმეს გამოარჩევენ.

გთავაზობთ იმ ჩივილების ჩამონათვალს და მარტივ რჩევებს, რომლებსაც თერაპევტები თავის პაციენტებს უზიარებენ:

დაღლილობა

ნომერ პირველი ჩივილი, რომლითაც პირად ექიმს პაციენტები აკითხავენ — დაღლილობის მუდმივი შეგრძნებაა. მისი სიმპტომებია:

  • ფეხზე დიდხანს დგომის გართულება
  • კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითება
  • მომატებული ძილიანობა და სისუსტე

რჩევები

  • დაისვენეთ (სხეულითა და გონებით)
  • სცადეთ სენსორული სათამაშოების შეხებით მოდუნება
  • გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები
  • დაიძინეთ, თუ ასე სურს თქვენს ორგანიზმს
  • იკვებეთ ჯანსაღად
  • ნუ დაიტვირთავთ თავს
  • გაავარჯიშეთ გონება
  • შეიმუშავეთ დღიური რუტინა
თუ ჩივილები 1.5 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და ცხოვრების ხარისხი დაგიქვეითდათ, საჭიროა ექიმ-თერაპევტთან კონსულტაციის გავლა.

ხველა

თუ იზოლაციის ვადები სრულად ამოწურეთ, თუმცა მაინც ეჭვის თვალით უყურებთ გახანგრძლივებულ ხველას, ეს ჩვეულებრივი პოსტკოვიდია.

ინფიცირებულთა უმეტეს ნაწილს აღნიშნული სიმპტომი მინიმუმ 3 კვირას უგრძელდება.

თქვენ ახველებთ მშრალად, რაც იწვევს პირით სუნთქვის საჭიროებას, ხოლო შესუნთქული დიდი რაოდენობით მშრალი, ცივი, ხისტი ჰაერი აზიანებს სასუნთქი გზების ნაზ ქსოვილებს და საბოლოოდ ყელისა და ფილტვის გაღიზიანებას იწვევს.

საუკეთესო გზა ამის ასაცილებლად შემდეგია:

  • გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები (დაიწყეთ ხელები მუცლის ქვედა ნაწილსა და მკერდზე ისე, რომ მუცლის თითოეული ამოწევა და ჩაწევა იგრძნოთ)
  • სიმშრალის განვითარებისას დალიეთ წყალი ან თბილი სითხე
  • გაიკეთეთ საინჰალაციო დატენიანება ევკალიპტის ან გვირილის ხსნარით ძილის წინ, 5 დღის განმავლობაში.

სუნთქვის უკმარისობა

იცოდით, რომ კორონავირუსის სრულიად მსუბუქი შემთხვევები, ფილტვების ყოველგვარი დაზიანების გარეშეც კი შეიძლება დასრულდეს სუნთქვის უკმარისობით?

  • მოჭერითი ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • სუნთქვის უკმარისობა მსუბუქი ფიზიკური აქტივობის შემდეგ
  • აეროფაგია
  • სპაზმი
  • პანიკური და შფოთვითი შეგრძნებები
ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი შესაძლოა სუნთქვის გაძნელებას იწვევდეს.

პრობლემა იმდენად ხშირი, მწვავე და შემაშფოთებელია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სუნთქვისთვის მოსახერხებელი პოზიციების გაიდლაინი განათავსა საკუთარ ვებ გვერდზე.

თუ დისკომფორტი გაწუხებთ:

  • დამშვიდდით, დაიწყეთ სუნთქვითი ვარჯიში
  • კონცენტრირდით სხვა რამეზე და არ აყვეთ პანიკურ შეტევას
  • მიიღეთ ის პოზიცია, რომელშიც განსაკუთრებით გიმარტივდებათ სუნთქვა
  • დალიეთ თბილი სითხე
თუ სიმპტომები ხშირი და მეტად შემაწუხებელია, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ, რადგან პრობლემა შესაძლოა ნევროლოგიური ხასიათის იყოს.

ყველაფერი ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ პოსტკოვიდი სრულიად ნორმალური მდგომარეობაა და განგაშის მიზეზს არ ქმნის, თუმცა თუ სიმპტომატიკა განსაკუთრებით გიქვეითებთ ცხოვრების ხარისხს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-თერაპევტთან.

| Print |