ჯანდაცვა
ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, "ომიკრონი" იშვიათად ემართება - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ომიკრონის“ სიმპტომებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ შტამის შემთხვევაში იშვიათია გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.

„ომიკრონი“ უფრო ხშირად იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა სურდო, ყელში ჩაკაწვრის გრძნობა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე. ეს არის პირველი ძირითადი სიმპტომები, როდესაც „დელტა“ და სხვა შტამების დროს განსხვავებული სიმპტომები იყო. თუმცა შემდგომში „ომიკრონის“ დროსაც შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რაც „დელტას“ დროს ვითარდებოდა. მაგრამ იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება, თუმცა ეს სიმპტომები მაინც იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ექიმმა ან ავადმყოფმა მკაფიოდ გაარჩიოს, "ომიკრონი" აქვს თუ "დელტა",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ „ომიკრონი“ მასიურად გავრცელდა და ამ შტამით ვაქცინირებული ადამიანებიც ავადდებიან, ცერცვაძე ამბობს, რომ ეს შტამი „იშვიათად ემართებათ მათ, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს“.

„მთლად ყველას არ ემართება, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ. მასობრივი ვაქცინაციაა პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება, განსაკუთრებით მესამე, „ბუსტერ“ დოზით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, "ომიკონს" ხშირად სწრაფი ტესტი ვერ ავლენს, ამიტომ იმ ვითარებაშიც კი, თუ პაციენტს კორონავირუსი არც „პისიარ“ ტესტით დაუდასტურდება, თუმცა სიმპტომები აქვს, ექიმი ისე უნდა მოიქცეს, როგორც კოვიდპაციენტთან.
| Print |