ჯანდაცვა
იწვევს თუ არა კოვიდი დიაბეტს ბავშვებში?
მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ კორონავირუსმა შეიძლება შაქრის დიაბეტი გამოიწვიოს. განსაკუთრებით რისკჯგუფში ბავშვები შედიან. ამის შესახებ BBC იუწყება.

აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ერთდროულად ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ Covid 19-ის გადატანის შემდეგ 1-ლი ტიპის დიაბეტის საფრთხე არსებობს, რომლებსაც ბავშვთა დიაბეტს უწოდებენ. რისკი განსაკუთრებით მაღალია 18 წლამდე ადამიანებში. დიაბეტის სიმპტომები კორონავირუსის გადატანიდან სულ რაღაც ორ კვირაში ჩნდება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩინეთში, იტალიასა და აშშ-ში კორონავირუსის პარალელურად 7 პაციენტიდან ერთს შაქრის დიაბეტიც დაუდგინდა.

კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვთა შორის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდის გადატანიდან მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შაქრის დიაბეტის რისკი 2,5-ჯერ იზრდება.

სისხლში შაქრის დონის ზრდა პოსტკორონავირუსული სინდრომისთვის არის დამახასიათებელი. ეს სინდრომი კიდევ „ხანგრძლივი კოვიდის“ სახელით არის ცნობილი. ის დაავადების ძირითადი ფაზის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ფიქსირდება.

მსოფლიოში ჩატარებულმა მრავალმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსს, ასევე, შაქრის დიაბეტის 1-ელ და მე-2 ტიპებს შორის კავშირი არსებობს. თანაც ეს კავშირი ორმხრივია.

ის, რომ დიაბეტის მქონე პაციენტები კორონავირუსით ინფიცირების დროს რისკჯგუფში შედიან და სამედიცინო პროგნოზი ბევრად უარესია, პანდემიის პირველივე თვეებში გახდა ცნობილი. ახლა კი უკუკავშირიც სულ უფრო თვალსაჩინო ხდება - კორონავირუსს პაციენტებში შაქრის დიაბეტის პროვოცირება შეუძლია.
| Print |