ჯანდაცვა
"პაციენტები „ომიკრონითაც“ მძიმდებიან“ - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ და რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ „ომიკრონის“ მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.

ექიმების თქმით, ის მარტივად მიმდინარეობს, თუმცა გართულებებიც ახლავს.

ლევან გოფოძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ომიკრონის“ შტამის მიმდინარეობა შედარებით უფრო მსუბუქია ვიდრე დელტა შტამის მიმდინარეობა. ის რომ „ომიკრონის“ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, არ აკნინებს ყველა იმ დამცავი საშუალების გამოყენებას რაც აქამდე იყო რეკომენდებული“,- აღნიშნავს ლევან გოფოძე.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ „ომიკრონით“ რისკჯგუფები მძიმდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.

„რაც შეეხება „ომიკრონის“ კლინიკურ მიმდინარეობას, მას ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა დელტა შტამთან, მაგრამ სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც „ომიკრონითაც“ პაციენტები მძიმდებიან. განსაკუთრებით ეს ეხებათ რისკჯგუფებს, ადამიანებს, რომლებიც არიან ასაკოვანები ან აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინაცია ჩატარებული, ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
| Print |