ჯანდაცვა
COVID-19-ს დიაბეტის განვითარების პროვოცირება შეუძლია - რას იწვევს ,,ხანგრძლივი კოვიდი"
BBC-ის მიერ მოძიებული პასუხების მიხედვით, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) უახლესი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დიაბეტის განვითარების რისკი ბავშვებში 2,5-ჯერ იზრდება. სისხლში შაქრის მატება პოსტკორონავირუსული სინდრომის ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია. ის უფრო ცნობილია როგორც „ხანგრძლივი კოვიდი“. ამ დროს Covid-19-ით გამოწვეული სიმპტომები ინფიცირებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ჭიანურდება. აკადემიური ექსპერტების უმეტესობა ჯერჯერობით თავს იკავებს პასუხის გაცემისგან კითხვაზე, რამდენად დიდია ასეთი პაციენტების სრული გამოჯანმრთელების შანსი, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

საკმაოდ ბევრმა სამეცნიერო ნაშრომმა მთელი მსოფლიოდან დიდი ხნის წინ და ძალიან დამაჯერებლადაც დაადასტურა კავშირი ახალ კორონავირუსსა და შაქრიან დიაბეტს შორის - იქნება ეს პირველი, თუ მეორე ტიპის დიაბეტი. უფრო მეტიც, ეს ურთიერთობა ორმხრივია. ის ფაქტი, რომ დიაბეტის მქონე პაციენტებს (ისევე როგორც სხვა მეტაბოლური დარღვევების მქონე პირებს, მათ შორის ჭარბი წონის შემთხვევაშიც) COVID-19-ით ინფიცირებისას დაუყოვნებლივ რისკჯგუფს აკუთვნებდნენ და ეს სამედიცინო პროგნოზს მნიშვნელოვნად აუარესებდა, პანდემიის პირველ თვეებშიც კი აშკარა გახდა.

ახლა უკვე სულ უფრო მეტს საუბრობენ უკუკავშირზეც: კორონავირუსმა, ინფექციის მიმდინარეობისას, შეიძლება პაციენტში დიაბეტის განვითარება აპროვოციროს. ამის რისკი მნიშვნელოვნად მაღალია მათთვის, ვისაც ინფექცია გაურთულდა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. თუმცა ასევე დაფიქსირდა შაქრიანი დიაბეტის შემთხვევები კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობის შემდეგაც. უფრო მეტიც, ამ პრობლემის წინაშე დადგნენ ის ადამიანებიც, რომელთაც COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანეს.

ზოგადად, ეს არის ორგანიზმის საკმაოდ სტანდარტული რეაქცია მიმდინარე ანთებაზე - მათ შორის, სრულად ჯანმრთელ ადამიანებში. თუმცა შაქრის ნორმალურ დონეზე დაბრუნება ექიმებმა ყველა კოვიდპაციენტის შემთხვევაში ვერ მოახერხეს. სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზმა აჩვენა, რომ COVID-19-ის პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ერთი თვის განმავლობაში დიაბეტი თითქმის ყოველ მეშვიდე ჰოსპიტალიზებულ პაციენტს (14,4%) უვითარდება. ამ ფაქტით განსაკუთრებით შეშფოთებული არიან პედიატრები. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, კოვიდინფიცირება ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის (ზოგიერთი შეფასებით, 2,6-ჯერ).

სახიფათო „საფულე“ და ფრთხილი ოპტიმიზმი

სპეციალისტთა შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში დიაბეტის ასეთი მასობრივი გამოვლენა გასაკვირის სულაც არ არის. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ჯერ ერთი, ინსულინის გამომყოფი პანკრეასის უჯრედების ზედაპირზე არის იგივე რეცეპტორი - ACE2 , რომლის მეშვეობითაც ვირუსი ორგანიზმში ხვდება ანუ ისინი მარტივი სამიზნეები არიან. მეორე მხრივ, პანდემიის დროს ადამიანები, ზოგადად, მეტს ჭამენ და ნაკლებს მოძრაობენ. გარდა ამისა, გაურკვევლობისა და იზოლაციის პირობებში, ბევრმა დაკარგა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივაციაც კი. ექიმების თქმით, არც თუ ისე უმნიშვნელო როლი შეიძლება შეასრულოს სტრესის დონემ.

სპეციალისტთა შეფასებით, გლუკოზა ორგანიზმისთვის ფულივით არის და ნებისმიერი კრიზისის გადატანა უფრო ადვილია, როცა საფულე სავსე გაქვს. სტრესის დროს, როდესაც სხეულს ენერგიის ნაკლებობის ეშინია (გლუკოზა კი ენერგიის მიღების მარტივი და სწრაფი წყაროა), ჩვენ მკვეთრად გვეზრდება ჰორმონების დონე, რომელიც ზრდის გლუკოზის დონეს და საკუთარი ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობას ამცირებს.

მესამე მიზეზი არის ის, რომ კოვიდპაციენტებს საავადმყოფოში ხშირად უნიშნავენ წამლებს, რომლებიც ასევე ზრდის სისხლში შაქრის დონეს, რაც ე.წ. სტეროიდულ დიაბეტს იწვევს. მეოთხე არის ყბადაღებული „ციტოკინური შტორმი“ - როდესაც ზოგიერთი პაციენტის გამძვინვარებული იმუნური სისტემა საკუთარი ორგანოების განადგურებას იწყებს. ამ დროს ორგანიზმის მგრძნობელობა ინსულინის მიმართ მცირდება და პანკრეასზე დატვირთვა იზრდება.

თუმცა სპეციალისტების თქმით, ამ კატეგორიის „კოვიდ დიაბეტიკებს“ გამოჯანმრთელების იმედი აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც. ექიმების თქმით, ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც კოვიდპაციენტის შაქრის დონე ძალიან მაღალია და ინსულინს უნიშნავენ. თუმცა შემდეგ სულ უფრო და უფრო ნაკლები დოზებია საჭირო და რაღაც მომენტში, პაციენტი აბებზე გადაჰყავთ. სპეციალისტთა თქმით, ასეთი შემთხვევები ხდება და არც თუ ისე იშვიათად.

წყარო: იმედინიუსი
| Print |