ჯანდაცვა
საქართველოში, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება
მიმდინარე წელს ხუთი წლის ასაკიდან ბავშვების აცრა დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდები „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ სპეციალური დოზებით აიცრებიან. კომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

„5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის, განსხვავებული ვაქცინაა საჭირო. მიმდინარე პერიოდში, „ფაიზერთან“ გვაქვს მოლაპარაკება, რომ მოგვაწოდონ ეს ვაქცინები და მოკლე ხანში გახდება ხელმისაწვდომი. მშობლების გარკვეული ჯგუფი უკვე მოგვმართავს და ითხოვს ვაქცინაციას ბავშვებისთვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და მათთვის ეს ვაქცინა მალე იქნება ხელმისაწვდომი“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
| Print |