ჯანდაცვა
სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ 5 000 ლარიანი ხელფასი - „იმედის“ შეთავაზება ვიოლეტა ინასარიძეს
ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტი ექიმი ვიოლეტა ინასარიძე კლინიკა „იმედის“ მიმართ ბრალდებებს აჟღერებს. როგორც მედიკოსი ირწმუნება, მას შემდეგ, რაც ყოფილი სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, კლინიკის ხელმძღვანელობისგან შეთავაზება მიიღო: მას 5 000 ლარიან სახელფასო ანაზღაურებას დაუნიშნავდნენ იმ შემთხვევაში, თუკი მედიკოსი სასამართლოდან სარჩელს გამოიტანდა. ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატის განცხადებით, ექიმმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ბონდო ვათიაშვილის თქმით, შეთავაზების გარდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა კლინიკისგან მუქარაც მიიღო.

„თუ არ გამოიტანდა სარჩელს [ვიოლეტა ინასარიძე], ფინანსურ ზარალს მიიღებდა. რას გულისხმობდა არ ვიცი“, - ამბობს ექიმის ადვოკატი.

ბოლო სასამართლო სხდომაზე მედიკოსმა განაცხადა ისიც, რომ ჟურნალისტებთან ინტერვიუ კლინიკისგან დაჟინებული მოთხოვნით ჩაწერა. მაშინ ვიოლეტა ინასარიძე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ შემთხვევის დროს, იგი ადგილზე იმყოფებოდა და მეგი ბაქრაძეს ადრენალინიც დროულად გაუკეთდა.

„ვიოლეტა ინასარიძე უარს ამბობდა იმაზე, რომ ინტერვიუ მიეცა ჟურნალისტებისთვის 2021 წლის 20 მარტს. კლინიკის დაჟინებული მოთხოვნით მივიდა სამსახურში (არ მუშაობდა იმ დღეს) და იკითხა რა ინტერვიუ უნდა მივცეო. ავადმყოფობის ისტორიაში რაც ჩავწერეთ, ის უნდა თქვაო. ავადმყოფობის ისტორიაში კი ჩაწერეს ის, რომ ვიოლეტა ინასარიძე იქ იყო და ადრენალინი მასთან ერთად გაკეთდა“, - ამბობს ბონდო ვათიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტი ექიმები ვიოლეტა ინასარიძე და გიორგი აფციაური კლინიკა „იმედიდან“ 2021 წლის 1-ელ ივლისს შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის გამო გაათავისუფლეს. ამის გამო ორივე მათგანმა კლინიკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

2021 წლის 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთდა, ვიოლეტა ინასარიძე ამცრელი კაბინეტის ექიმი იყო. ვაქცინირებულ ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ როცა მეგი ბაქრაძე ცუდად გახდა, მის გვერდით არ იყვნენ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე. ისინი ხელმძღვანელობის დავალებით სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე წავიდნენ, კლინიკაში კი მას შემდეგ დაბრუნდნენ, როცა კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ შეატყობინეს.


| Print |