ჯანდაცვა
ინასარიძის "ქმედებები ემსგავსება კლინიკასთან ვაჭრობას" - ადვოკატი
ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაკეთებული განცხადების შემდეგ ვიოლეტა ინასარიძე პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. საგამოძიებო ორგანოს კითხვები მის ნათქვამს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 20 მარტს ექიმმა ცრუ ჩვენება კლინიკა „იმედის“ ზეწოლის ქვეშ მისცა. მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, ინასარიძემ სასამართლოში ნათქვამი შეცვალა და განაცხადა, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ექთნის გარდაცვალებაზე შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ყალბი არ არის.

„ჩვენი გადმოსახედიდან, ქალბატონი ვიოლეტას ქმედებები ძალიან ჰგავს კლინიკასთან ვაჭრობას. თითქოს ცდილობს ის გარკვეულ შეთანხმებაზე წამოიყვანოს კლინიკა. ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით იმაზე, რომ გარკვეული შეთანხმებები კლინიკასა და ექიმებს შორის არსებობდა და ინფორმაცია იმალებოდა“ - აცხადებს ადვოკატი.

ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, ამას ადასტურებს თავად ვიოლეტა ინასარიძის განცხადება სამოქალაქო პროცესზე და ასევე ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ კლინიკამ მასზე ზეწოლა განახორციელა.

„ახლა რომ უარყოფს ამ ფაქტებს, შეიძლება ეს იმას ნიშნავდეს, რომ კიდევ ერთხელ შედგა ამ ორ მხარეს შორის შეთანხმება და ურთიერთობა. ამას სამართლის ენაზე ჰქვია დანაშაულის დაფარვა და ეს ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია კიდევ“ - აცხადებს უფლებადამცველი.

ვახტანგ ბარამაშვილი მიიჩნევს, რომ არაერთხელ შეცვლილი ჩვენებების ფონზე ინასარიძის განცხადებები სარწმუნო ვერ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში ფიგურანტმა ექიმმა, კლინიკა „იმედიდან“ გათავისუფლების შემდეგ, სასამართლოში დავა წამოიწყო. ბოლო სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებით, მან ყოფილი სამსახურის ადმინისტრაცია ზეწოლაში და მასთან გარიგების მცდელობაში დაადანაშაულა. ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატის ბონდო ვათიაშვილის თქმით, კლინიკამ სარჩელის გამოტანის სანაცვლოს ექიმს 5000 ლარიანი სახელფასო ანაზღაურება შესთავაზა.

| Print |