ჯანდაცვა
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მშობლებს აფრთხილებს
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ წერს. იგი მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ, 1-დან 16 წლამდე ბავშვებში სიყვითლის გამოვლინებას.

როგორც ბუწაშვილი წერს, არსებობს მოსაზრება, რომ ჰეპატიტის ახალი ფორმა, შესაძლოა კოვიდის ერთ-ერთი გართულებით იყოს გამოწვეული.

ბავშვებში ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევები აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. შემთხვევათა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს.

ინფექციონისტის თქმით, სიმპტომები, ჩვეულებრივ, მწვავე ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია: კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომები, ღვიძლის ფუნქციების მკვეთრი მომატება. ტემპერატურა, როგორც წესი, ნორმალურია.

ბუწაშვილის განმარტებით, ჰოსპიტალიზაცია შემთხვევათა 90%-ზე მეტს ჭირდება. 10%-ზე მეტ შემთხვევებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და საჭირო ხდება ღვიძლის გადანერგვა. ნაწილი განკურნებით მთავრდება.

"ჰეპატიტის მქონე ბავშვებში არ დასტურდება აქამდე ცნობილი არც ერთი ჰეპატიტის ვირუსი (A,B,C,D,E). დიდ ნაწილში გამოვლინდა ადენოვირუსის ერთ-ერთი ტიპი (ტიპი 41), ხოლო გარკვეულ ნაწილს დაესვა კოვიდის დიაგნოზი, ან ჰქონდათ ახლად გადატანილი კოვიდი. ზოგიერთს ერთდროულად აღენიშნებოდა ადენოვირუსული ინფექცია და კოვიდი"
- აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტი მშობლებს აფრთხილებს, რომ იყვნენ ყურადღებით და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
| Print |