ჯანდაცვა
ადიგენში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით მამაკაცი გარდაიცვალა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზით 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რადგან კაცს ქრონიკული დაავადებები აწუხებდა, ამიტომ თავდაპირველად ყირიმ-კონგოზე ეჭვი არ მოუტანიათ. პაციენტი თბილისში მაშინ გადაიყვანეს, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა. კლინიკაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაუდასტურდა, თუმცა დაგვიანებული მიმართვის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვირუსზე მკურნალობს მისი მეზობელი, შუა ხნის კაცს სიმპტომები ტკიპის კბენიდან მეორე დღეს დაეწყო, ამიტომ ის პირდაპირ კლინიკაში წაიყვანეს. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკაში გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და რამდენიმე დღეში პალატაში გადაიყვანენ.

სოფელში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სპეციალური ხსნარით, ვეტერინარებმა დაამუშავეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში ყირიმ-კონგოს 13 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1 გარდაიცვალა. კიდევ ორი საეჭვო შემთხვევა კვლევაშია.

ყირიმ-კონგო მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. ხასიათდება მაღალი ლეტალობით. ინფიცირებულთა დაახლოებით, 40% იღუპება. არ არსებობს რაიმე ეფექტური ვაქცინა ადამიანებისა და ცხოველებისთვის. სამცხე-ჯავახეთი ვირუსის კერად არის აღიარებული.
| Print |