ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს შემთხვევები 21-მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ყირიმ-კონგოს შემთხვევები კიდევ გაიზარდა. ჰემორაგიული ცხელება ლაბორატორიულად დღეს სამ ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ორი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში ცხოვრობს, ხოლო ერთი - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში. სამივე მათგანმა სამედიცინო დაწესებულებებს ტკიპის კბენის შემდეგ მიმართა.

რამდენიმე დღის წინ, ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა დადასტურდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეშიც.

დაავადებათა კონტროლის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში ლაბორატორიულად დადასტურებული 21 შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგ ლალი კირთაძის თქმით, ბოლო სამი ადამიანის ნიმუშთან ერთად იკვლევდნენ სოფელ წყორძის მაცხოვრებლის ნიმუშსაც, თუმცა მას ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება არ დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში გადაჰყავთ კიდევ ერთი პიროვნება სოფელ გურკელიდან, რომლის ანალიზის პასუხიც ხვალ გახდება ცნობილი.

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ხასიათდება მაღალი ლეტალობით. ინფიცირებულთა დაახლოებით, 40% იღუპება. არ არსებობს რაიმე ეფექტური ვაქცინა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.

მაისში ვირუსულ ინფექციას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

სამცხე-ჯავახეთი ვირუსის კერად არის აღიარებული.
| Print |