სამცხე-ჯავახეთში ყირიმ- კონგოს სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება კიდევ სამ პაციენტს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან ორი პირი ახალციხის მუნიციპალიტეტიდანაა, ერთი კი ადიგენიდან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების უფროსის, ნინო ზედგინიძის განცხადებით რეგიონში სულ 31 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.
ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ხასიათდება მაღალი ლეტალობით. ინფიცირებულთა დაახლოებით, 40% იღუპება. არ არსებობს რაიმე ეფექტური ვაქცინა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.
სამცხე-ჯავახეთი ვირუსის კერად არის აღიარებული.