ჯანდაცვა
როგორ უნდა მოიქცეთ თუ ტანზე ტკიპა შენიშნეთ?
სპეციალისტები გვიზიარებენ წესებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ თუ ტანზე ტკიპა შენიშნეთ.

"თუ ტანზე ტკიპა შენიშნეთ არ დაიბნეთ და მიჰყევით ინსტრუქციას.

ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა მიაშურეს ტყეებს, მდინარის ნაპირებს, ბევრი მათგანი კი მოულოდნელად უსიამოვნო სიურპრიზით ბრუნდება შინ - სხეულის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ზომისა და ფერის უცნაური არსება შეიძლება აღმოაჩინოს საკუთარი კანის სიღრმეში თავით "ჩარჭობილი". ეს ტკიპაა ‼️

მთავარი შეცდომა, რასაც არაერთი ადამიანი ასეთ დროს ჩაიდენს ხოლმე, ის არის, რომ დაებღაუჭება ამ უცნაურ არსებას და მის სასწრაფოდ მოშორებას ძალით ცდილობს, შედეგად კი იმას მიიღებს, რომ ტკიპას ტანი ხელში შერჩება, ხოლო თავი და საცეცები კანში ჩარჩება.

ამიტომ, წინასწარ ვიყოთ მზად იმისათვის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა სხეულზე ტკიპას აღმოვაჩენთ:
  • გაამზადეთ ნაჯერი მარილიანი ხსნარი - 1 სუფრის კოვზ წყალში გახსენით 1 ჩ.კ. მარილი. ამ ხსნარში დაასველეთ ბამბა ან ბინტის ნაჭერი და დაიფინეთ იმ ადგილას, სადაც ტკიპაა, ანუ მასზე ზევიდან დაადეთ 15 წუთის განმავლობაში.

  • ამის შემდეგ ახალი ბამბა ან ბინტი დაასველეთ ზეთით და ახლა ის დაადეთ ტკიპას ადგილას კანზე დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.

  • ახლა უკვე თქვენი ტკიპა ბრძოლისუუნაროა და დასუსტებული, მოკიდეთ პინცეტი, მაგრამ არა უეცარი მოძრაობით, არამედ ნელ-ნელა, მშვიდად, თანდათანობითი გაწევით ეცადეთ მოაშოროთ ტკიპა კანიდან - მისი საცეცები უკვე დასუსტებულია და ის აუცილებლად დაგყვებათ - მთლიანად ამოვა კანიდან.
ამ ყველაფრის მერე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი რამ. ტკიპები ზოგჯერ საკმაოდ საშიში დაავადებების გადამტანები არიან, ამიტომ თუ ტკიპას ნაკბენის ადგილას მომდევნო 2-14 დღის განმავლობაში თუ შეამჩნევთ უცნაურ შეწითლებას, რგოლისებრ წარმონაქმნს, თუ შეგაწუხებთ თავის ან კუნთების ტკივილი, დაღლილობა, თუ გექნებათ ტემპერატურა - იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ტკიპით გადატანილ დაავადებას უკავშირდებოდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

გახსოვდეთ ზოგჯერ ასეთი დაავადებები დაგვიანებულ შემთხვევებში პაციენტის გარდაცვალებითაც კი მთავრდება. ამიტომ ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს და რაც შეიძლება დროულად მიმართეთ მას"
- ნათქვამია რეკომენდაციაში.

| Print |