ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში, ქალებისთვის უფასო კვლევები ჩატარდება
„სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ ინიციატივით ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ქალთა დაავადებების უფასო დიაგნოსტიკა გაიმართება. ამ ეტაპზე ახალციხესა და ახალქალაქში სიტუაციის ანალიზისა და სკრინინგის პროგრამის შესახებ ქალთა ინფორმირების მიზნით შეხვედრები გაიმართა.

პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებას, როგორიცაა ძუძუს კიბო, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და ა.შ. პროექტი „ქალთა ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროპაგანდა“ განხორციელდება სამცხე-ჯავახეთში,კონკრეტულად ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. პროექტის მეორე ეტაპი 25-70 წლის ასაკობრივი ჯგუფის მომსახურების მიწოდებას და სხვადასხვა კვლევების ჩატარებას მოიცავს.

„სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა და ჩემი ორგანიზაცია „Generation I“ ვატარებთ სკრინინგ პროგრამას სამცხე-ჯავახეთში. ქვემო ქართლში ეს პროგრამა უკვე მუშაობს. პირველ ეტაპზე ჩამოვალთ ვაცნობთ ქალებს, თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ, როგორ ჩატარდება სკრინინგი, რა ასაკობრივ ჯგუფებს შეუძლიათ მონაწილეობა, რას გულისხმობს სკრინინგ პროგრამა – ეს არის ქალის გამოკვლევა, ეს არის სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ქალებისთვის. ეს პროგრამა ყველა ბენეფიციარისთვის უფასოა. საქართველოს სახელმწიფო სკრინინგ ცენტრთან შევთანხმდით, საინფორმაციო კამპანიის შემდეგ, მეორე ეტაპზე, რომელიც აპრილში იქნება, როცა ზუსტად გვეცოდინება ბენეფიციარების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ პროგრამაში. აპრილში ჩამოვა მამოგრაფიის მობილური მანქანა, განთავსდება რამდენიმე ლოკაციაზე“, – ამბობს ექიმი და პროგრამის ერთ-ერთი ავტორი მარი მიკოიანი.
ახალციხესა და ახალქალაქში კვლევებისთვის, საჭიროების შემთხვევაში სოფლებიდან, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ქალების ტრანსპორტირებაც გათვალისწინებულია.

პროექტი „ქალთა ჯანდაცვის მომსახურებებზე გაფართოებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროპაგანდა“ ხორციელდება USAID-ის „ერთობა მრავალფეროვნებაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო საქმეთა სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე – 595562505

| Print |