ჯანდაცვა
ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობა რეგულირებადი გახდა
ექთნისა და მეანი-ექთნის პროფესიები რეგულირებად პროფესიებად განისაზღვრა- შესაბამისი განათლების მოპოვების შემდგომ, დაინტერესებული პირი სახელმწიფო სარეგისტრაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას დაექვემდებარება.

ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. აღნიშნულის მიხედვით, ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, წოდებრივი რანჟირების სისტემა ინერგება. კერძოდ, უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება მიენიჭებათ, პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს - სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება, საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი. საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება წოდება - ექთანი სპეციალისტი.

ამასთან, იგეგმება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრის შექმნა, რომლის საშუალებით ექთნებისა და მეანი ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება განხორციელდება. რეესტრში ავტორიზებული იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა.

სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის სერტიფიცირება 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე, უგამოცდოდ განხორციელდება. რეგისტრირებული ექთნების რეგისტრაცია უგამოცდოდ 2030 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდება.

ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია ააქვთ ახალციხეში, როგორც მეან-გინეკოლოგი ლალი ლომიძე გვიხსნის, ჯერ ელექტრონული რეესტრის შექმნის პროცესი მიმდინარეობს, პარალელურად კი მეან-ექთნები, ტესტირებებს გადიან იმისათვის, რომ რეგულაციები დათქმულ ვადებში შეასრულონ.
სხვა სამედიცინო დაწესებულებებში კი დეტალებზე საუბრისგან, ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება 5 წლის ვადით მოხდება.

საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით მკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი - კერძოდ, “მეანი-ექთნით“ ხდება “ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება.
| Print |