კულტურა
ცეკვით შეპყრობილები
თეთრი, პრიალა მაისურები რიტმულად ირხევა პატარების ტანზე. შაკირას სიმღერის ფონზე მასწავლებლის ტაშის ხმა და შეძახილი ისმის „მხრები გაასწორე“, „გაიღიმე“. ოთხში შვიდ წლამდე ბავშვები დიდი სარკის წინ ვარჯიშობენ და პერიოდულად წყვილებად ლაგდებიან. ეს ანსამბლ „სიხარულის“ პატარების ჯგუფია. დღის განმავლობაში, დარბაზში იცვლება მუსიკა, მოცეკვეები - ასაკის მიხედვით, მოყვარულთა და პროფესიონალთა ჯგუფები, მაგრამ უცვლელიერთი რამ არის -ყველა ცეკვით არის შეპყრობილი.

შვიდი წლის ბარბარე უკვე შვიდი მედლის მფლობელია. საერთაშორისო შეჯიბრებებზე ორგზის პირველი ადგილის მფლობელმა სტუდიის კარი სამი წლის ასაკში შეაღო. როცა ცეკვავს, თვალები უბრწყინავს განსაკუთრებით, ჩა-ჩა-ჩას რიტმზე.

„ცეკვა დიდ სიხარულს მანიჭებს. პირველი, რასაც დარბაზში მოსვლისთანავე ვაკეთებთ, ვარჯიშია“, - გვიყვება ბარბარე ბერიძე.

ვიწრო ოთახში ძელთან ვარჯიშობენ. გაჭიმვებს ჯგუფი ერთდროულად ვერ აკეთებს, ვერ ეტევიან. დარბაზი არაერთხელშეიცვალეს, თუმცა ფართი არასდროს ჰყოფნიდათ.სივიწროვეში დადგმული ცეკვებით მაინც ბევრი დააინტერესეს და ბევრსაც მიაღწიეს. თანამედროვე ცეკვებს სტუდიაში 50 ბავშვი თუ ზრდასრული ეუფლება.

ახალციხეში სამეჯლისო ცეკვა ელდარ გელაშვილთან ასოცირდება. 38 წლის განმავლობაში მან მოცეკვავეების არაერთი თაობა აღზარდა. ნათია ფრცქიალაძე მათ შორის იყო.

„ჩემთვის ცეკვა არის ყველაფერი“, -გვეუბნება ნათია, რომელიც უკვე ათწლეულებია ელდარ მასწავლებელთან ერთად ცეკვას ასწავლის.



ახალციხეში მუსიკალური ათწლედის დასრულების შემდეგ, ნათიამ მუსიკის მასწავლებლობა სცადა. რამდენიმე წელი მუსიკალურ სკოლაში იმუშავა კიდეც, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ პროფესიის არჩევაში შეცდა. თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ცეკვის შესწავლა გააგრძელა, პარალელურად სტუდია „სიხარულის“ ასისტენტად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მშობლიურ ქალაქშიდაბრუნდა და მასწავლებელთან ერთად ანსამბლის ხელმძღვანელობა ითავა, მათი წარმატების ისტორია გამდიდრდა.

„ეს თასები არის ძალიან დიდი ძალისხმევით და შრომით მოპოვებული, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო იყო „ბათუმი 2018-ის“ გრან პრი, რომელიც საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს ანსამბლის წევრებმა“.

„მეტი წარმატებული ათლეტი“ სტუდიის უახლოესი მომავლის გეგმაა. ნათია არც თავად წყვეტს განვითარებას. მუდმივად ესწრება უცხოელების მასტერკლასებს საქართველოში და საზღვარგარეთ, არ ტოვებს სამეჯლისო ცეკვების სემინარებსა და ლექციებს. იმედი აქვს, მალე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსს მოიპოვებს.

„ახლად რომ ვირჩევდე სპეციალობას, დაუფიქრებლად ამ სფეროს ავირჩევდი. ცეკვის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მეჩვენება“, ამბობს ნათია, რომელიც თავისი დიდი თუ პატარა მოცეკვავეებით ამაყობს.

ათი თასი, ოცდაცამეტი მედალი, ასზე მეტი დიპლომი და სერთიფიკატი, - ეს ერთი მოცეკვავე გოგონას მონაპოვარია. ბაია დევაძეს ცეკვა არასოდეს ბეზრდება. მალე სკოლას ამთავრებს, მაგრამ ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება მის ცხოვრებაში „სიხარულიც“ დასრულდეს.

„ეს ისეთი სპორტია, თუ დაიწყე, ბოლომდე უნდა გაყვე. თანდათანობით ცეკვა ჩემში მთლიანად შემოდიოდა და ძალიან მალე ის ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ვფიქრობ, მომავალში დიდ როლს ითამაშებს სამეჯლისო ცეკვა ჩემს ცხოვრებაში.დიდი სურვილი მაქვს გავხდე ძალიან ცნობილი მოცეკვავე“.

ბაიას გაუმართლა, მეწყვილე ჰყავს, თუმცა სტუდიაში ყველა გოგო ბიჭთან ერთად არ ცეკვავს.



სიმონ აბრამიანი იმ რვა ბიჭს შორის არის, ვინც სტერეოტიპებს არ შეუშინდა და სხვა „ბიჭურ“ გართობას ცეკვა არჩია. გრან-პრის, ორი პირველი ადგილის და სხვა ჯილდოების მფლობელი კიდევ ბევრ კონკურსში მონაწილეობას გეგმავს.

„ძალიან მინდა მომავალში კარგად ვიცეკვო,ბევრი მედალი ავიღო და დიდ წარმატებას მივაღწიო“, -ამბობს სიმონი.

თასებს სტუდიაში აგროვებენ. ზედ იმ ქვეყნის დროშას აკრავენ, სადაც ცეცხლოვანი თუ გრაციოზული ცეკვისთვის ჯილდოს იღებენ. თაროზე სივიწროვეა. „სიხარულის“ წევრები დარწმუნებულები არიან, რომ წარმატების კუთხის გაფართოებაც მოუწევთ და ასპარეზის არეალისაც.
| Print |