კულტურა
„თუ სამუშაოები გაგრძელდა, საქმეს სამართალდამცველებს გადავცემთ“ - კულტურის სააგენტო

 

ახალქალაქის სოფლებში ტურცხსა და კორხში, ისტორიულ ძეგლებზე უნებართვო სამუშაოების სანახავად, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ ჩავიდა. ლევან ჭავჭავაძეს რამდენიმე გაფრთხილებისა და აკრძალვის მიუხედავად, კორხის ტაძარი კიდევ უფრო დაზიანებული დახვდა. ძეგლს პირვანდელი სახე სრულად დაკარგული აქვს. 

„ჩვენს მიერ გამოვლენილი სამართალდამრღვევი უარყოფს. ამბობს მე არაფერ შუაში ვარო. ახლა მეტი მტკიცებულება გვჭირდება, რომ ნამდვილად იური წარუკიანია სამშენებლო პროცესის ინიციატორი. ძეგლზე სამუშაოები ეკრძალება, თუმცა ვალდებულია, რომ ნებართვა მოიპოვოს და სრული რეაბილიტაცია ჩაუტაროს. თუ არ გაგრძელდა ქმედებები, რომლითაც უნდა აღდგეს ეკლესია, დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, - აცხადებს „მეცხრე არხთან“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსი.

სამართალდამრღვევი პირი სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია.

სოფელ ტურცხის მკვიდრი იური წარუკიანი ამბობს, რომ ძეგლის რეაბილიტაციისთვის ნებართვის საჭიროების შესახებ არ იცოდა.

„ეკლესია ინგრეოდა და სოფელმა გადავწყვიტეთ ცოტა მაინც გვეშველა. გვინდოდა შემოგვეღობა, რადგან ძეგლიდან ქვები ცვიოდა, გარშემო ბავშვები დარბოდნენ და საფრთხეს უქმნიდა“.

წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვანდალიზმად აფასებს. ჯერ დაზიანებული კედლების ნგრევა და შემდეგ მშენებლობა ერთი თვის წინ დაიწყო, თუმცა სააგენტომ პროცესის შეჩერება ვერ შეძლო.

„სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სამშენებლო პროცესის ინიციატორის - მოქალაქე იურიკ წარუკიანის თვითნებური გადაწყვეტილების შედეგად, XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიის იერსახე მკვეთრად დეგრადირდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლები ძალაყინითაა ჩამოშლილი, ხოლო ტაძრის ერთ-ერთი ფასადი თითქმის სრულად განადგურებული“, - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველ ეტაპზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა 10 მაისს იურიკ წარუკიანს წერილობითი გაფრთხილება მისცა და რამდენიმე ვალდებულება განუსაზღვრა. წარუკიანს უნდა გაემაგრებინა ამოთხრილი საძირკველი, უნდა მოეპოვებინა ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და ძეგლი მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში.

„წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, დაკისრებული ვალდებულებები სრულად უგულვებელყოფილი აღმოჩნდა. კანონით განსაზღვრული ქმედებების შეუსრულებლობის გამო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი 21 მაისს სააგენტომ 5 000 ლარით დააჯარიმა“, - ამბობენ სააგენტოში.

იური წარუკიანი „მეცხრე არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ გაფრთხილება არ ჩაბარებია.

„ამბობენ, რომ გაფრთხილება დამიწერეს, თუმცა მე არაფერი მიმიღია. ფოსტაშიც შევამოწმე, არაფერია ჩემს სახელზე".

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები ამის შემდეგ მაინც გაგრძელდება, სააგენტო რეაგირებისთვის საქმეს სამართალდამცველებს გადასცემს.

„ახლა მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან ჩამოშლილი ქვები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას“, - ამბობს ადგილობრივი იური წარუკიანი.

მშენებლობის ნებართვის მოპოვება მოუწევს სოფელ ტურცხის მოსახლეობასაც, სადაც XIX საუკუნის ტაძრის დაზიანებული სახურავის შეცვლა უნებართვოდ დაიწყეს. ადგილობრივებმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან შენიშვნის მიღების შემდეგ, სამუშაოები შეაჩერეს.

“ტურცხში სამართალდამრღვევი პირის დადგენა ვერ მოხერხდა, ამიტომ სიტყვიერად გავაფრთხილეთ ადგილობრივები. მივწერეთ პოლიციას, რომ მოხდეს იმ პირის დადგენა, რომელზეც გაფრთხილება, რეკომენდაციები და მოთხოვნები გაიცემა. თუ არ მოიპოვეს რესტავრაციის ნებართვა, მოუწევთ ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება“, - ამბობს ლევან ჭავჭავაძე.

ეკლესიის მშენებლობის ნებართვის მოპოვებას ძეგლის მესაკუთრის, ამ შემთხვევაში ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ლევან ჭავჭავაძის თქმით, საბჭომ ტურცხის ეკლესიაზე იმსჯელა და პროექტიც მოეწონა, თუმცა მეპარტონისგან ნებართვის მოპოვება ვერ მოხერხდა.

 

| Print |