კულტურა
„რასაც ვთხოვთ, არ განხორციელებულა“, - ნიკოლოზ ანთიძე კორხის ტაძარზე
ახალქალაქის სოფელ კორხში, ეკლესიის რესტავრაციის პროექტის წარსადგენად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივებს ერთთვიანი ვადა მისცა, მოსახლეობა კი ამბობს, რომ პროექტი არ მოუმზადებიათ.

„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რეაგირება იყო მკაცრი. ჩვენი გაფრთხილება გამოწერილია, სასამართლოშია საქმე. ჯერჯერობით ის რეაგირება, რასაც ჩვენ ვთხოვთ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს, არ განხორციელებულა, ანუ მათ პროექტი არ მოუტანიათ“, - განუცხადა ნიკოლოზ ანთიძემ „მეცხრე არხს“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იური წარუკიანს გაფრთხილება 10 მიასს გაუგზავნა. წერილში, რომელსაც სააგენტო აქვეყნებს აღნიშნულია, რომ მან უდა შეწყვიტოს უნებართვო სამუშაოები და ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს ეკლესიის რესტავრაციის პროექტი.

„არანაირი პროექტი არ შეგვიდგენია, არც წერილი მიგვიღია, რომ ამისთვის ერთთვიანი ვადა გვაქვს. ჩვენ სამი წლის წინ გავუგზავნეთ პროექტი, პასუხი არ მოგვივიდა“, - გვითხრა იური წარუკიანმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ გაფრთხილება ადრესატს ჩაბარდა.

„პროექტის შეთანხმება ასევე გულისხმობს არქეოლოგიური სამუშაოების წარმართვას და ჩვენი ზედამხედველობით რესტავრაციას. ვადა აითვლება წერილის ჩაბარების დღიდან“, - გვითხრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში, ადგილობრივი მკვიდრის იური წარუკიანის ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის საძირკველი გათხარეს, დაზიანებული კედლები დაანგრიეს და მათ ადგილზე ახალის ამოყვანას აპირებდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მშენებლობის ინიციატორი ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი 5 000 ლარით დააჯარიმა. 

არის თუ არა იური წარუკიანი სამართალდამრღვევი - ამაზე ახალქალაქის სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომა გადაიდო.
| Print |