კულტურა
ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდება
4 ოქტომბერს, გია ყანჩელის პატივსაცემად, „St .Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდება, - ინფორმაციას საქართველოში ნიდერლანდის სამეფოს საელჩო ავრცელებს.

ცნობის თანახმად, ჰააგის სამრეკლოს ზარები ასევე დაუკრავენ ყველა დროის პოპულარულ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს - რევაზ ლაღიძის „თბილისოს“, „სულიკოს“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“.

ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.

„ქართული ჰანგებით ტკბობა ჰააგის მკვიდრთ 4 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეეძლებათ. ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო", „ჩიტო-გვრიტო", „სულიკო", ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ" და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 2 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას 5 ოქტომბერს 14 საათზე რუსთაველის თეატრიდან გაასვენებენ და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

| Print |