კულტურა
რა თანხა იხარჯება სამცხე-ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის?
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მთავარი ნაძვის ხე, 25 დეკემბერს, ზუსტად 19:00 სთ-ზე აინთო. ღონისძიებები თითქმის ყველგან კონცერტით დაიწყო და გეგმის მიხედვით საზეიმო აქტივობები 1-ლ იანვრამდე გაგრძელდება.

ახალციხის ვიცემერი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს საახალწლო ნაძვის ხე, მორთულობითა და ღონისძიებებით 60 ათას ლარამდე დაუჯდა. მიუხედავად ამისა, გურამ მელიქიძე ფიქრობს, რომ ახალციხის მერიამ სწორი არჩევანი გააკეთა.

წინასაახალწლოდ ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა ახალციხესა და ბორჯომში იმართება. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა საახალწლოდ გასანათებელი მოწყობილობების და ნაძვის ხის მიწოდება-მონტაჟისთვის ელექტრონული ტენდერი 157 582 ლარზე გამოაცხადა. საბოლოოდ, შერჩეულმა კომპანიამ 100 ათას ლარამდე თანხით, ბორჯომი და ბაკურიანი სტრინგებით და ფიგურებით უნდა მორთოს. ადგილობრივი ხელისუფლების განწყობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი იზიარებს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ 2019 წელი ქვეყნისთვის მძიმე და რთული აღმოჩნდა.

ახალქალაქის მერიამ წინასაახალწლოდ ქალაქის მოსართავად ტენდერი 19 500 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ უნდა შეიძინოს 800 ცალი რძიანი შოკოლადი, ფოიეერვერკი როგორც ქალაქისთვის, ისე სოფლებისთვის. დაიქირაოს ანიმატორები - თოვლის ბაბუა, ფიფქია, ორი ელფი და ორი ჯამბაზი. გარდა ამისა, უნდა დაამონტაჟოს ლითონის კონსტრუქცია „2020“, რომელიც ნეონის მილით იქნება განათებული. ათამდე ქუჩაზე საახალწლო აქსესუარები დაამონტაჟოს და სამხედრო დასახლებაში 6 მეტრიანი ნაძვის ხეები მორთოს. სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული მოსახლეობის შეფასებები 2019 წელთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.

ნინოწმინდის მერიამ, 2020 წლის საახალწლო მორთულობისა და ღონისძიებებისთვის ტენდერი 11 016 ლარზე გამოაცხადა, პირდაპირი შესყიდვით კი 4800 ლარით სასაჩუქრე ყუთები შეიძინა. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩალათაშვილი აცხადებს, რომ ნინოწმინდის მერიამ მოკრძალებული ხარჯი თბილისის მერიის საჩუქრის გამო გაიღო.

შედარებით მოკრძალებულია ადიგენის მერიის მიერ გაწეული საახალწლო ხარჯი. მთავარი ნაძვის ხე აქ 36 777 ლარი დაჯდა.

სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, დაბა ასპინძას მთავარი საახალწლო ნაძვის ხე არ ექნება. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მცირე ბიუჯეტი აქვთ, ამიტომ უპირატესობა სოციალური პროგრამების დაფინანსებას მიანიჭეს.

სამცხე-ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 228 ათას ლარამდე დაიხარჯება.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს საახალწლო განათებების მონტაჟი 20 დეკემბრამდე,ხოლო დემონტაჟის განხორციელება 15 იანვრის შემდეგ ევალებათ.


| Print |