კულტურა
ტენილი ყველი, გალინა ინასარიძე და BBC
„ბიბისი“ ქართული ყველის მივიწყებული სახეობების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი ტეილორ ვეიდმენი ყვება, რომ ქართული ყველის წარმოების კულტურა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ეკონომიკის გამო ჩრდილქვეშ იყო, თუმცა ახლა ქართველი მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე პროდუქტის უძველესი სახეობების დაბრუნებას ცდილობს.

„ბიბისის“ ჟურნალისტი წერს, რომ ასეთ იზოლირებულ ადგილებში სტუმრობის დროს ანამ ბევრი ადამიანი გაიცნო. მათ შორის იყო გალინა ინასარიძე, რომელიც ყველს წინაპრების მიერ გადაცემული მეთოდის მიხედვით ამზადებს.

სტატიაში მაგალითად ყველის რამდენიმე სახეობაა მოყვანილი. მათ შორისაა ტენილი ყველი, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში ამზადებენ. ასევე ნარჩვი. ამ ყველს სვანეთში ამზადებენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მიქაძე-ჩიკვაიძემ ყველის „მიწისქვეშა“ სახეობების შესახებ პირველად ქართველ ანთროპოლოგ თამილა ცაგარეიშვილთან საუბრის დროს შეიტყო. მანამდე, ანამ სხვა ქართველების მსგავსად, ქართული ყველის მხოლოდ ძირითადი სახეობების შესახებ იცოდა. სწორედ ამის შემდეგ ყველის ჯერ კიდევ უცნობი სახეობების საპოვნელად გაემართა. მიქაძე-ჩიკვაიძე სოფლებში ოთხი წლის განმავლობაში მოგზაურობდა, სოფლის ხანდაზმულ მოსახლეობას ესაუბრებოდა და ეძებდა ხალხს, რომლებიც პროდუქტს უძველესი მეთოდის მიხედვით ამზადებდნენ. ძველ თაობასთან ინტენსიური კონტაქტის შედეგად, მან ბევრი ახალი რამ შეიტყო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით 2015 წლის შემდეგ თბილისში ყველის ყოველწლიურ ფესტივალს ატარებს. ავტორის თქმით, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ამ დრომდე ყველის 60-ზე მეტ უძველეს სახეობას მიაგნო. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მკვლევარს ქართული ყველის დედად მოისხენიებს.

სტატიის თანახმად, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მიიჩნევს, რომ საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლო იყოს. როგორც ქართველი მკვლევარი ამბობს, თბილისის ჩრდილოეთით, 26 კილომეტრის მოშორებით მდებარე მცხეთაში, მუზეუმში ამის დამადასტურებელი არქეოლოგიური მტკიცებულებებიც მოიპოვება, რომელთა თანახმად საქართველოში ყველს ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინ ამზადებდნენ. დროთა განმავლობაში კი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყველის დამზადების განსხვავებული მეთოდები შეიმუშავეს, შედეგად, დღეს საქართველო ყველის სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

„ბიბისის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს ქვეყანაში ყველის უნიკალური სახეობების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს.

ჟურნალისტი ვეიდმენი სტატიაში წერს, რომ საქართველოში მეყველეთა გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამის შეცვლას ცდილობს და ქვეყნის შორეულ სოფლებში მოგზაურობს, სადაც ყველს უძველესი მეთოდებით ამზადებენ. ანა მიქაძე-ჩიკვაიძის მიზანი ამ სახეობების ყურადღების ცენტრში მოქცევაა.

შეიძლება, დაგაინტერესოთ:

გალინა ინასარიძე - ტენილი ყველის მწარმოებელი ანდრიაწმინდიდან

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა სამცხე-ჯავახეთიდან
| Print |