კულტურა
ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებულ „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზანია უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, მათი შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა.

სამინისტრო „ქართულ მრავალხმიანობისა“ და ქართული სუფრის მნიშვნელობას განმარტავს.

„ქართული მრავალხმიანობა“, რომელიც 2001 წელს UNESCO-მ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, ქართველი ხალხის ტრადიციული მუსიკალური კულტურისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო. იგი წარმართული ეპოქისთვის დამახასიათებელი სინკრეტული ფორმებით გამოხატავდა თავიდან ქართველური ტომების, შემდეგ კი ქართველი ერის მსოფლშეგრძნებას, სამყაროს ხედვის თავისებურებებსა და წარმოდგენებს“, - ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

სამინისტროს ცნობით, ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. „ქართულ მრავალხმიანობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა.

რაც შეეხება „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას)“, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ის გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებში. სუფრის კულტურა, რელიგიური და ეროვნული განსხვავების მიუხედავად, ასევე გავრცელებულია საქართველოს ყველა თემში.

„ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა.
| Print |