კულტურა
ბორჯომში, სოფელ ჭობისხევთან, სამეურნეო დანიშნულების საცხოვრებელი შენობები აღმოაჩინეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევთან, "ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელის" მე-12 საუკუნის ნამოსახლარზე ახალი არქიტექტურული ნაგებობები გამოვლინდა. ე.წ. მეგალითურ ნამოსახლარის გაწმენდისას ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო დანიშნულებისა და საცხოვრებელი შენობები აღმოჩნდა, რომლებიც გეგმარების სპეციფიურობით გამოირჩევა და არქაული იერსახე აქვს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით შექმნილმა სამეცნიერო ექსპედიციამ ჩაატარა.

"გოგიჩაანთ ღელე" მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტია. XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყსიში მას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თორი-ლიკანის არქეოლოგიური ექსპედიცია იკვლევდა.

საველე სამუშოების შედეგად გაწმენდილ ორ ტერასაზე განლაგებული, მშრალი წყობით ნაშენი დიდი კომპლექსი არქეოლოგების მიერ შუა საუკუნეებით დათარიღდა, თუმცა გათხრების პროცესში ადრეანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების თიხის ნაწარმთან ერთად უფრო ადრეული მასალებიც დაფიქსირდა.

კომპლექსის ზედა ტერასაზეა მიკვლეული კლდეზე ჩაშენებული დუღაბის ხსნარზე ნაგები ქრისტიანული ეკლესია, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით შესაძლოა წარმართულ სალოცავზე ყოფილიყო აშენებული.

არქიტექტურულ კომპლექსზე საველე სამუშაოები, რომელსაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ირინა ღამბაშიძე ხელმძღვანელობს, სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, რომლის შემდგომ არქეოლოგიური კვლევისა და გაწმენდის ანგარიშის მომზადდება.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, კამერალური დამუშავების შემდგომ, დასაცავად რეგიონალურ სამუზეუმო ფონდებში ჩაბარდება. არქეოლოგიური ობიექტების ცალკეულ უბნები კი მიწის რეკულტივაციის გზით კონსერვირდება.

ორი უწყების თანამშრომლობით, სამეცნიერო კვლევის პროცესი "გოგიჩაანთ ღელეს" კომპლექსზე 2021 წელსაც გაგრძელდება და არქეოლოგიური ობიექტის კულტურული ფენების თანმიმდევრული გამოვლენის, სტრატიგრაფიული განსაზღვრისა და ფიქსაციის მიზნით კიდევ უფრო მეტ მასშტაბს მოიცავს.

"ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელეს" ნამოსახლარის სრულფასოვანი სამეცნიერო შესწავლის, კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის შედეგად არქიტექტურული კომპლექსი ძეგლის სტატუსის მქონე კიდევ ერთ კულტურულ და ტურისტულად საინტერესო სივრცედ იქცევა.
| Print |