კულტურა
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ამოქმედების შემდეგ, ვიზიტორები ახალი მომსახურებით ისარგებლებენ
ვარძიისა და ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალების სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დამთვალიერებლებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალ მომსახურებას შესთავაზებს.

ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების ნორმალიზებისთანავე უწყების სტრუქტურულ დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციები სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურებიან.

"ახალი სერვისი მუზეუმ-ნაკრძალების დამატებითი ატრაქცია იქნება და ტურისტებს ტერიტორიაზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება. 2 ტიპის ელექრომობილები კულტურული მემკვიდრეობის სივრცეებზე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდებიან. 2 ერთეული მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსი ნოქალაქევის დამთვალიერებელს მოემსახურება, ხოლო 2 ერთეული სრულგაბარიტიანი მიკროავტობუსი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადააადგილებს"
- ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო მომსახურებას ამ დრომდე სააგენტოს ადმინისტრაცია ტურისტებს მხოლოდ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სთავაზობდა, სადაც შიდაწვისძრავიან ავტომობილს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ჩაანაცვლებს.
| Print |